პრეზიდენტი: მადლობა ქართველ ხალხს, მათ გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა
14/12/2023 20:04:50 პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სრულიად საქართველოს მიულოცა. 14 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ქართველი ხალხის გარეშე ეს მიღწევა არ იქნებოდა.
"მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ დღეს ყველას უხარია. ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამისათვის გადავდგი ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა და პირადად ვუთხარი ეს შარლ მიშელს. მისი ძალიან დიდი წვლილია დღევანდელ დღეში, რომ გადაწყდა ეს ძალიან რთული ვითარება ევროკავშირში. არავინ იცოდა, როგორ გადაწყდებოდა. მათი დიპლომატიური ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული.
მადლობა ქართველ ხალხს, მათ გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა. ესაა ყველასი, ჩვენი ერთობლივი მიღწევა. ეს არაა სიტყვები რომ ერთად ვიყოთ, ერთსულოვანი. ეს მართლაც ასეა, რომ არა ერთად, ვერაფერს მივაღწევდით, ვერც დამოუკიდებლობას ადრე და ვერც დღეს ამ ნაბიჯის მიღწევას, არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას ვგებულობთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება. ერთიანობა, ერთობა არის უდიდესი ძალა, სხვა ძალა არ გაგვაჩნია", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.


