მედია: ორბანს უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღებისას ოთახის დატოვება შოლცმა შესთავაზა
14/12/2023 20:52:16 პოლიტიკა
უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას ოთახის დატოვება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შესთავაზა, – იუწყება Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მივიდნენ სწორედ იმის გამო, რომ უნგრეთი გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდა. ამის გამო შოლცმა ორბანს უთხრა, რომ თუ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა, ოთახი დაეტოვებინა და ლიდერებისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება მიეცა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია. ორბანმა მან ევროპული საბჭოს ნაბიჯს "ცუდი გადაწყვეტილება" უწოდა და აღნიშნა, რომ კვლავ შეეწინააღმდეგება უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.


