პაპუაშვილი: მივიღე მოლოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან
15/12/2023 05:59:17 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის რიგი წარმომადგენლებისგან მიიღო მილოცვა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
"იმედი მაქვს, პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის ეს იქნება სიგნალი იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი კრიტიკული იყვნენ ზოგადად ხელისუფლების მიმართ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ნდობა ხელისუფლების, როდესაც ქვეყანაში მილიონი ადამიანი ხელისუფლებას "ქართულ ოცნებას" ანდობს, მე მგონი ეს მილიონი ადამიანი იმსახურებს იმის პატივისცემას, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არ არის ჩაკეტილი მხოლოდ ერთი აზრით, როგორმე მოიპოვოს აბსოლუტური ძალაუფლება, ეს ნდობა უნდა ჰქონდეს. ნდობის არსებობა დემოკრატიის ამოსავალი წერტილი.
მე მივიღე დღეს მოლოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და იმედი მაქვს, რომ ეს მოლოცვები, საპასუხო მილოცვით, რა თქმა უნდა, ნამდვილად მოდიოდა გულიდან, დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მოლოცვა ამავე დროს გადაითარგმნება მათ მიერ პასუხისმგებლობის გაზიარებაში შემდეგ ნაბიჯებში. ხელისუფლებამ აჩვენა ერთი რამ, რომ ფაქტობრივად ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვიწევდა მარტო გადაწყვეტილების მიღება და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებმაც იმ გადაწყვეტილებებში, სადაც საჭირო იყო ოპოზიციის ხმები, ბევრმა ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ - მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევისას მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, რეალურად საქართველოს ევროპულ მომავალს. იმედი მაქვს, ეს მოლოცვები გადაითარგმნება ამ პასუხისმგებლობების გაზიარებაში",-თქვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.


