"სტატუსს თან პასუხისმგებლობა ახლავს": აქუბარდია, სამნიძე და კორძაია ხელისუფლებასთან ერთად ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში
15/12/2023 07:53:49 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს თან პასუხისმგებლობა ახლავს და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.
მათ მოქალაქეებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცეს და ხაზი გაუსვეს უკრაინის როლს შესაძლებლობის "ფანჯრის" გახსნაში.
„სტატუსი ნიშნავს თითოეული მოქალაქის მეტ კონტროლს ხელისუფლებაზე, ეკონომიკურ წინსვლას, მაღალ სტანდარტს განათლებაში, გარემოს დაცვის, სოციალურ სფეროში. ეს არის შანსი წავიდეთ წინ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს," - განაცხადა კორძაიამ.
სამნიძემ თქვა, რომ „სიხარულს ახლავს პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს მათი წვლილის შეტანას ამ პროცესში, თანამშრომლობას მიუხედავად სირთულეებისა“:
„უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და დავიწყოთ სერიოზული შრომა ევროპული მომავლისთვის. ეს ნიშნავს დიალოგს, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დაპირისპირებას, მაგრამ სიძულვილის გარეშე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პროგრესი არის გარდაუვალი. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სტატუსი ეკუთვნის ქვეყანას. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ და ვაპირებთ ამ პროცესში სერიოზულად ჩავერთოთ საკუთარი მანდატის ფარგლებში, რაც ნიშნავს თანამშრომლობას და ერთად მუშაობას. ურთულესი პროცესი იქნება, მაგრამ დღეს არ არის პრობლემებზე საუბრის დღე, გვინდა თითოეულ მოქალაქეს მივულოცოთ".
დეპუტატები აპირებენ, დაესწრონ სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ღონისძიებას და სწორს უწოდებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თავადაც მივიდეს საზეიმო ღონისძიებაზე, რადგან „საქართველოს ზეიმია და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის".
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაიხსნება მოლაპარაკებები.


