პრეზიდენტს მთავრობის მიერ დაანონსებულ ზეიმზე ტრიბუნას არ დაუთმობენ: "ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, ეს არ ვიცი"
15/12/2023 09:49:01 პოლიტიკა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მთავრობის მიერ დაანონსებულ დღევანდელ ზეიმზე ტრიბუნას არ დაუთმობენ. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"სალომე ზურაბიშვილმა მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს სტატუსს, ახლა ეს ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე, მოდის და ცდილობს, მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება. იგი ცდილობს, ამბავში გაერიოს. ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი შემთხვევით არ გამოვუცხადეთ, დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად. შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ვიცი, რომ ამაში მთავრობა ჩართული იყო, იგი გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ახლა ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, ეს არ ვიცი. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ არ იმსახურებს მისი ქვეყანა სტატუსს, არ იმსახურებს, რომ პრეზიდენტად იქნას წოდებული. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს. თავის ქვეყანას რომ მტრობს და აბრალებს, რომ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ბუნებრივია, გამომსვლელთა სიაში არ არის გათვალისწინებული. არსებობს რაღაც მორალი და ფორმა“, – განაცხადა მდინარაძემ.
გუშინ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაანონსებულ ზეიმს შეუერთდებოდა:
- "მე მინდა, რომ შევუერთდე და ვთქვა , რომ ხვალ, პრემიერმა მე მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მე მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ, კარგი [იქნება], თუ არადა ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე. ამით იწუყება საქართველოს მომავალი, დიდებული, ევროპული მომვალი და ამას გილოცავთ ყველას".
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ორგანიზებით სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება.


