კობახიძე: ზურაბიშვილის მსგავს ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე
15/12/2023 10:11:44 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მის მსგავსს ადამიანებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებათ“.
„დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ასეთ ადამიანებს მით უმეტეს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე“ – ამბობს კობახიძე.
გუშინ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაანონსებულზეიმს შეუერთდებოდა:
"მე მინდა, რომ შევუერთდე და ვთქვა , რომ ხვალ, პრემიერმა მე მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მე მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ, კარგი [იქნება], თუ არადა ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე. ამით იწუყება საქართველოს მომავალი, დიდებული, ევროპული მომვალი და ამას გილოცავთ ყველას".
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ორგანიზებით სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება.


