ევროკავშირის ელჩი: ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები
15/12/2023 14:53:16 პოლიტიკა
„მოგესალმებით, ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო“,– ასე დაიწყო საკუთარი მიმართვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ „სახალხო ზეიმზე“ ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ის სცენაზე არ მიუწვევიათ. შეკრებილ საზოგადოებას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებმა მიმართეს.
ელჩმა საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ დღეს ისტორიული დღეა და განსხვავებით მმართველი გუნდისგან, ეს მონაპოვარი მიულოცა მათ შორის, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხშირადაა მმართველი გუნდის წევრების თავდასხმის ობიექტი.
„ევროკავშირის 27–მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ უპირველესად, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა“,– თქვა ელჩმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, „ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები“.
„საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია, „ძალა ერთობაშია!“ დღეს ჩემი მთავარი გზავნილი სწორედ ესაა: ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვეს ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შეჰმატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ“,– თქვა ელჩმა და დასძინა, „წინ, საქართველო, წინ!“.


