"მადლობები არ მჭირდება, ხალხის ერთობის სიხარულს ვერავინ შემიცვლის" – ზურაბიშვილი
15/12/2023 15:19:17 პოლიტიკა
"მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა და ერთად ყოფნა", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, სადაც ხელისუფლების ორგანიზებით ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
ხელისუფლებამ მას "სახალხო ზეიმი" უწოდა, თუმცა შეკრებილ მოქალაქეებს სცენიდან მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებმა მიმართეს. არადა, სცენასთან იმყოფებოდნენ ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც.
სალომე ზურაბიშვილმა ბოლომდე მოუსმინა სიტყვით გამოსვლებს, შემდეგ კი ხალხთან ჰქონდა კომუნიკაცია. მოქალაქეების ნაწილმა მოითხოვა სცენაზე ზურაბიშვილის ასვლა, თუმცა გაიჟღერა საწინააღმდეგო პოზიციებმაც.
ზურაბიშვილს ჰკითხეს "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისადმი გამოხატულ მადლიერებაზე და პირადად მისი როლის ნიველირებაზე.
"მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა და ერთად ყოფნა. ეს იქნება ჩვენთვის ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლითი მადლობები, ამიტომ არც მწყინს, არც მიხარია, მე მიხარია ის, რაც ხდება აქ - ხალხში. ამ სიხარულს ვერავინ შემიცვლის, კიდევ ერთხელ გილოცავთ,“ - უპასუხა კითხვას ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ოპოზიციის მისვლას, ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პრეიდენტმა მოკლედ უპასუხა: "სწორედ ესაა ევროპა".
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე დაუჭირეს მხარი ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.


