პატრიარქი: გვეხსნება ახალი შესაძლებლობები, გზის გაკაფვაში საქართველოს ყველა ხელისუფლებას აქვს წვლილი შეტანილი
15/12/2023 18:38:15 პოლიტიკა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში "ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული".
პატრიარქი აღნიშნავს იმასაც, რომ "ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი".
"დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.
კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი", - წერია პატრიარქის განცხადებაში.
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.


