ბათუმის მერია განმარტავს, რატომ გამოჩნდა საკრებულოს სხდომაზე რუსეთის რუკა
19/12/2023 08:33:17 პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოში ქალაქის მერის არჩილ ჩიქოვანის სიტყვით გამოსვლისას ეკრანზე რუსეთის დროშა ევროკავშირის დროშის ფერებში გამოჩნდა.
მომხდარის გამო ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„ბათუმის მერი რუსეთის რუკით გვილოცავს კანდიდატის სტატუსს, ამით კორუფციის გადაფარვას ცდილობს. გაკვირვებული ვარ, ვერ წარმომედგინა. ეს მილოცვა დადგმული სპექტაკლია”,-აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ.
თავის მხრივ, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ რუსეთის რუკის მონიტორზე გამოჩენა ტექნიკური ხარვეზი იყო.
„შინაარსობრივ ნაწილზე მე ვიმუშავე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც 10 წელზე მეტი იცხოვრა ევროპაში, შვილები გავზარდე ევროპაში და განათლებაც ევროპაში მივიღე, ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს. დამსწრე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, - აღნიშნა ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეკლა ჩიჩუამ.
ფაქტს გამოეხმაურა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი. მან აღნიშნა, რომ პრეზენტაციაში რუსეთის რუკა იყო „გულდასაწყვეტი და ძალიან ცუდი შეცდომა, რომელიც ტექნიკურ ნაწილში მოუვიდა ტექნიკურ გუნდს". მან ბოდიში მოიხადა.


