ხაბეიშვილი – სააკაშვილის წინადადებაზე: საერთო ინიციატივაა მათთვის, ვისაც არ სურს პარტიის წევრობა
20/12/2023 12:38:09 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა საერთო ინიციატივაა მათთვის, ვისაც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრობა არ სურს.
მისი თქმით, ენმ მზადაა, ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც "საქართველოს გამარჯვება სურს".
"ეს იყო ჩვენი საერთო ინიციატივა იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პარტიის წევრობა ან არ სურს, ან არ უნდა. არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია და ყველას აქვს უფლება, საკუთარი გემოვნება დაიკმაყოფილოს, ვისაც პოლიტიკური აქტიურობა სურს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს გამარჯვება სურთ და არ სურთ პოლიტიკური პარტიის წევრობა, ამიტომ ეს შესაძლებლობა მუდმივად იქნება და არის ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ ჩვენ მზად ვართ ასეთი მიმართულებითაც კონკრეტულ ადამიანებთან, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან, საჯარო პირებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, თავისი საქმის პროფესიონალებთან ვითანამშრომლოთ", - თქვა ხაბეიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა. ამ თემაზე მან სასამართლოს სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც დისტანციურად ესწრება.
სააკაშვილის აზრით, კომიტეტი ჯამში 20-25 ადამიანით უნდა დაკომპლექტდეს და იყოს მუდმივი სათათბირო.
"მათი ["ქართული ოცნების"] განზრახვაა, ნებისმიერ ფასად, მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად. ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების. მათ ჩამოიყვანეს მოშე კლუგჰაფტი, რომელიც ხალხს დაარწმუნებს, რომ აზრი არ აქვს არჩევნებს",– თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე ისტორიული არჩევნებია 1990 წლის შემდეგ.
მისი თქმით, საჭიროა ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა.
, "გარდაუვალია, ამ კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია! ასევე მინდა შევთავაზო ენმ-სთან ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა და მასში უნდა შევიდეს, ვთქვათ, ენმ-ის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის სრულიად იყვნენ ენმ-ის წევრები. უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი, პოლიტიკური სათათბირო.


