Accentnews.ge
მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილმა ევროკავშირის დროშები დაწვა

მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილმა ევროკავშირის დროშები დაწვა

20/12/2023 17:10:44 პოლიტიკა

სოციალურ ქსელში ვრცელდება მართლმადიდებელი სასულიერო პირების ვიდეოები, რომლებიც ევროკავშირის დროშებს წვავენ. სასულიერო პირებს შორის არიან: ბასილ ახვლედიანი, სპირიდონ ცქიფურიშვილი და იაკობ მესტვირიშვილი.

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ ლაშა შარუხიას, რომელსაც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის გამო ბრალი წარუდგინეს. მას მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალდება სხვისი ქონების დაზიანების [სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი] ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა", - განუცხადეს "რადიო თავისუფლებას" პროკურატურის პრეს–ცენტრში.

ადვოკატი სერგი ხურციძე არ ეთანხმება სასამართლოს და აცხადებს, რომ „ეს დროშა დაწვა ადამიანმა, რომელიც აპროტესტებს გარყვნილების პროპაგანდასა და მისი დაკანონების მცდელობას".

"ჯდება თუ არა სასულიერო პირების მოქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში", – ამ კითხვით "რადიო თავისუფლებამ" ილიაუნის ასოცირებულ პროფესორს, „კანვას საქართველოს" დირექტორს გიორგი მელაძეს მიმართა.

გიორგი მელაძის თქმით, „სასულიერო პირების მხრიდან საკუთარი დროშების დაწვა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია".

სასულიერო პირების მოქმედების შეფასებისას მელაძემ შემდეგი განაცხადა:

„ხშირად, ამ ეკლესიის ქცევა არის გაუგებარი ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც გადაითარგმნება ხოლმე, როგორც „არც მწვადს წვავენ და არც შამფურს“. შეიძლება პატრიარქი რაღაცას მხარს უჭერდეს, ამ დროს კი გამოდიოდნენ ამ ეკლესიის ეპისკოპოსები და საპირისპიროზე ლაპარაკობდნენ. ამ ეკლესიას არ აქვს წესრიგი. იქ არიან, რაღაც ინტერესთა ჯგუფები. წლებია, რომ რუსული ხაზი ამ ეკლესიაში იმდენად ძლიერია, რომ პირდაპირ შეიძლება ვთქვათ: ეს ეკლესია რუსულია. ასე რომ, შეიძლება პატრიარქმა რაღაც თქვას ევროპის მხარდასაჭერად, რაც არ არის ცუდი, მაგრამ ახლა ეკლესიის სხვადასხვა წევრების მხრიდან დაიხარჯება დიდი რესურსი საპირისპირო პოზიციის დასადასტურებლად“.

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დადებითად შეაფასა. 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში პატრიარქმა აღნიშნა: „დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა".

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოქალაქეებმა საქართველოში საჯარო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S