ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა ევროკომისიას უკვე გადავუგზავნეთ, დოკუმენტს მთავრობა დღეს გამოაქვეყნებს
25/12/2023 13:19:27 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა ევროკომისიას უკვე გადაუგზავნა. მისი თქმით, დოკუმენტს მთავრობა დღეს გამოაქვეყნებს.
"დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი ეს დოკუმენტი. დოკუმენტი შეიძლება, შეიცვალოს მომავალში, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად თარიღებთან მიმართებაშიც. დღევანდელი გადასახედიდან მოვახდინეთ ამ თარიღების იდენტიფიცირება და ვეცდებით, მაქსიმალურად თანმიმდევრულად, ამ დოკუმენტის მიხედვით განვახორციელოთ აქტივობები. დოკუმენტის მიხედვით არის ორი სახელისუფლო შტო, რომელიც პასუხისმგებელია ამ აქტივობებზე. ესაა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. შესაბამისად, თანმიმდევრულად გაწერილია ის პასუხისმგებელი სახელისუფლო შტო, რომელიც ამ მიმართულებით მოახდენს რეაგირებას", – განაცხადა მინისტრმა.
დარჩიაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაზე მოკლედ ისაუბრა:
"მინდა, ძალიან მოკლედ გაგიზიაროთ სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ უკვე გავაგზავნეთ ევროკომისიაში. [...] პირველი არის ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით, 11 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით უკვე დამტკიცდა 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია. სტრატეგიაში ცალსახად გაწერილია და თანმიმდევრულად არის გადმოცემული ის აქტივობები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს დეზინფორმაციის მიმართულებით.
მეორე კომპონენტი გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩასატარებელი აქტივობები. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირის ცენტრი, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს ყოველი წლის განმავლობაში იმ სიკეთეებისა და ფასეულობების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე, რომელიც მოაქვს ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც საქართველოს მოსახლეობასთან ცნობადობის ასამაღლებლდ, რა სიკეთეები მოაქვს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. დამატებით დაფინანსებას გამოვუყოფთ ცენტრს მომავალი წლისთვის, პრაქტიკულად, გავაორმაგებთ ფიზიკურ კომუნიკაციას და ადამიანების რაოდენობას, როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში, ვისთანაც მანამდე გვქონდა კომუნიკაცია. ასევე, სამინისტროშიც გვექნება შიდასტრუქტურული ცვლილებები, რომლითაც უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი სამინისტროს სტრუქტურა იყოს უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას. როგორც წელს, ისე მომავალ წელს გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას.
შემდეგი რეკომენდაციაა ევროკავშირის ერთიან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება. ამ საკითხზე არაერთხელ გაგიზიარეთ ჩვენი შეხედულებები. უკვე ვმუშაობთ ევროკომისიასთან, პრაქტიკულად უკვე 50%-ს მიაღწია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, განცხადებებთან საქართველოს მიერთებამ. მომავალში გაგრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ გვექნება კიდევ უფრო უკეთესი შედეგი, ეს არის ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულება. საქართველო ზოგადად თანხვედრაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა არის სენსიტიური სააკითხები, რომლებიც ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიზმიდან დანახული, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით შეიცავს რისკებს. შესაბამისად, ამ კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში გვქონდა ჩვენი პოზიცია, რომელიც განსხვავდებოდა. თუმცა, დღეს უკვე, წლის ბოლოს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 50 პროცენტს გაუტოლდა საქართველოს მიერთებები იმ განცხადებებთან, რომლებსაც ავრცელებს ევროკავშირი. ჩვენ მომავალში ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული, კიდევ უფრო უკეთესი შედეგები.
შემდეგი რეკომენდაციაა შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. ამ მიმართულებით აქტივობები გაგრძელდება, ეს არის პარლამენტის ნაწილი.
პარლამენტი ამ მიმართულებით გადადგამს კიდევ კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი ხელისუფლება როგორც მანამდე, დღესაც და ხვალაც გააგრძელებს მაქსიმალურ ღიაობის პოლიტიკას, რათა ინკლუზიურობა უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, თუ ოპონენტთან, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებული ევროპული ინტეგრაციით, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა. ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ჩართვა იგეგმება ევროინტეგრაციასა და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში. ასევე იცით, რომ საქართველოს პარლამენტში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ ფორმატშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა და მმართველი გუნდის მცდელობა, რათა ინკლუზიურობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ გავაგრძელებთ ღიაობის პოლიტიკას, მათ შორის ამ მემორანდუმის ფარგლებში. რაც შეეხება თარიღებს, 2023/2024 წელს იქნება კონკრეტული აქტივობები“.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოხატა მზაობა, რომ ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს "ოდირთან":
„ჩვენ ტრადიციულად, ძალიან თანმიმდევრულად გავაგრძელებთ მათთან მუშაობას. წლის დასაწყისში უზრუნველვყოფთ ოფიციალური შეტყობინების გაგზავნას ოდირში, რადგან ოქტომბერში ვგეგმავთ საპარლამენტრო არჩევნების ჩატარებას და გამოვხატავთ საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების მიღების მზაობას. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რაც შეიძლება ტრანსფარენტული, რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში, ეს ჩვენი მთავარი ინტერესია. შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ჩვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან პროცესში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო კოდექსში გასატარებელი ცვლილებები, პარტიების, არჩევნების დაფინანსების საკითხებზე, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე პერიოდში უზრუნველყო შესაბამისი ცვლილებების გატარება“.


