პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ ესწრება
26/12/2023 07:48:25 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი „ელჩების კონფერენცია 2023-ს“ არ ესწრება.
კონფერენცია დღეს გაიხსნა. დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რატომ არ ესწრება პრეზიდენტი კონფერენციას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონფერენციას არც 2022 წელს დასწრებია.
შარშან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი ასე განმარტა:
„საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში“.


