ვარჰეი განმარტავს რა დახმარება გაეწია საქართველოს ევროკავშირისგან და რა იგეგმება მომავალში
26/12/2023 08:13:28 პოლიტიკა
ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი განმარტავს რა დახმარება გაეწია საქართველოს ევროკავშირისგან და რა იგეგმება მომავალში. მან აღნიშნულის შესახებ „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა.
ევროკომისარმა მოკლედ ისაუბრა იმ დახმარების ნაწილზე, რასაც ევროკავშირი სტატუსის მოლოდინში მყოფ საქართველოს უწევდა და რაც იგეგმება, რომ უკვე სტატუსის მქონე ქვეყანას გაუწიოს.
"ჩვენს გვსურს, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება სესხების, გარანტიების, გრანტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გეგმა მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოხარული ვარ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა სრულად მიეღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებელი“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ვარჰეიმ.


