ვიქტორ დოლიძე: NATO-ში MAP-ით შევალთ თუ მის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს
26/12/2023 14:57:43 პოლიტიკა
NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს ქვეყანა ალიანსის წევრი MAP-ით (წევრობის სამოქმედო გეგმით) გახდება, თუ მის გარეშე.
"ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს NATO-ში გაწევრიანება, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით მოხდება, როგორ მოხდება, ეს იქნება MAP, თუ MAP-ის გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს უკვე აქვს ყველა არსებითი ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის. ეს არაერთხელ თქმულა უმაღლესი დონის შეხვედრებზე და, მგონი, როგორც NATO-ელები, ასევე ქართველები ამასთან დაკავშირებით ვყალიბდებით.
რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტს, მომავალი წელი გვაქვს ძალიან ამბიციური, რეალისტური და საქართველოსთვის კანდიდატობის მიცემა გზას უხსნის როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და არა მხოლოდ პრაქტიკულად, შინაარსობრივად იქნება გამართული ჩვენი თანამშრომლობის მექანიზმები, წინ გადადგმული ნაბიჯები გვექნება როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს მხრივ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
2023 წლის ივლისში ვილნიუსში გამართული ალიანსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ NATO-ში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის MAP–ის საჭიროება ძალაში რჩება.


