Accentnews.ge
სამუშაო ჯგუფების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა და "ოცნების" პასუხი

სამუშაო ჯგუფების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა და "ოცნების" პასუხი

04/01/2024 15:44:25 პოლიტიკა

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა გადაიფიქრა და ოპოზიციას ახლა საკომიტეტო მუშაობაში ჩართვას სთავაზობს.

"ის, რასაც აქამდე ოპოზიციის ერთი ნაწილი სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით ამბობდა, თუ რატომ არ ვარგოდა სამუშაო ჯგუფები, „ქართულმა ოცნებამ“ ახლა აქეთ შემოგვიბრუნა და სიტყვა - სიტყვით იგივეს გვეუბნება, თუ რა საჭიროა სამუშაო ჯგუფები, როცა პარლამენტის კომიტეტები არსებობს", – განაცხადა „ევროოპტიმისტების“ წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

მისი შეფასებით, "მმართველ უმრავლესობას ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ისეთ ფორმატში ყოფნა არ სურს, რაც მათთვის წინასაარჩევნოდ წამგებიანი იქნება":

"სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იქნებოდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების და დისკომფორტის შემქმნელი შეიძლება გამხდარიყო. დისკომფორტის გარდა, სამუშაო ჯგუფები იმის ჩვენების შესაძლებლობას იძლევა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს იმ ნაწილში, რაც მათ ძალაუფლებას ეხება და ბერკეტებს ხელიდან აცლის. ბუნებრივია, ამ პროცესში, თან არჩევნების წინ, "ქართულ ოცნებას" მამხილებელი სამუშაო ჯგუფების შექმნა არ აწყობს. ახლა ასეთი ვითარება მივიღეთ - აქამდე ოპოზიცია გაიძახოდა: - რად გვინდა სამუშაო ჯგუფები, აგერ არის პარლამენტის კომიტეტები. ზუსტად, სიტყვა-სიტყვით იგივე გაიმეორა ხელისუფლებამ, რაც ცინიკურია".

მისი თქმით, "ეს ყველაფერი ოპოზიციის არათანმიმდევრულობასა და მის შეცდომებზე მიუთითებს".

"თუ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შესრულებს, ძვირი პოლიტიკური ფასი უნდა დაუსვა - ამისთვის კი საჭიროა ყველგან ყოფნა: - სამუშაო ჯგუფებში, კომიტეტებში, სხდომათა დარბაზში და ქუჩაშიც. თუ რაიმე ბერკეტი გაგაჩნია ბოლომდე უნდა ამოწურო და შესაძლებლობები გამოიყენო. ახლა კი დაგვცინიან", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტია "ლელოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ "ხელისუფლება არ აპირებს რეფორმების გატარებას".

"მე ვფიქრობ, ეს იმის გამოხატულება, რომ რუსეთის მსახური ხელისუფლება არ აპირებს ამ რეფორმების გატარებას, არ აპირებს ამ ქვეყნის ევროკავშირისკენ რეალურად წაყვანას. ამიტომ იგი ფარსის შემცველი პროცესების დაანონსებით არის დაკავებული", – განაცხადა მან.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "არც ერთ რეკომენდაციაში არ წერია სამუშაო ჯგუფი".

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, მთელი რიგი ამოცანები, რაც 9 ნაბიჯში არის გაწერილი, არ არის მხოლოდ პარლამენტის შესასრულებელი, ბევრი საკითხია, რომელიც მთავრობის მიერ პოლიტიკის გატარებას გულისხმობს.

"საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ნაწილი შეიძლება, იქნას პარლამენტის მიერვე ინიცირებული, ნაწილი შეიძლება იყოს მთავრობის ინიცირებული. ეს იქნება ცოცხალი პროცესი, ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს ექნება სრული საშუალება ამ პროცესში ჩაერთოს. "სამუშაო ჯგუფი" როგორც ასეთი, ეს სიტყვა ახალი წინააღმდეგობის უჯრედად შეიძლება გავაჩინოთ?! არც ერთ რეკომენდაციაში არ წერია სამუშაო ჯგუფი. ახლა ეს სიტყვა გახდება მორიგი წინააღმდეგობების თუ სპეკულაციების საგანი. იქ წერია, ჩართულობა იყოს ყველასიო. ამის შესაძლებლობა ექნება ყველას. არსებობს კონსტიტუციური ორგანოები და კანონით გაწერილი პროცედურები, სადაც ოპოზიციას სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება აქვს. ოპოზიციას დღევანდელ პარლამენტში ჩვენი კანონით და რეგლამენტით სრული უფლება აქვს ყველა ფორმატში იმუშაოს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, არის თუ არა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას იმ საკითხზე ვერ მიიღებენ, რაც დღის წესრიგში არ დგას.

„ახალი ცნება შემოგაქვთ, არ ვიცი ვინ თქვა, რომ ამ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა არსებობდეს. ცნება შემოგაქვთ (სამუშაო ჯგუფის სახით), რომელიც არსად და არავის მიერ არ გაჟღერებულა. გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ იმ საკითხზე, რაც არ დგას დღის წესრიგში ამ გაგებით", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება მთავრობის სამოქმედო გეგმაში ნახსენებ "სამუშაო ფორმატს", ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "სამუშაო ფორმატი არის ის, რაც პარლამენტშია რეგლამენტირებული":

„ახლა საუბარი სულ სხვა რეკომენდაციებზეა, მათი შინაარსი და შესრულების მიმდინარეობაც სულ სხვაგვარია. მოვუწოდებ ყველას, ხელოვნურად ნუ გამოიგონებთ წინააღმდეგობის კერებს სწორ გზაზე, მათ შორის ოპოზიციას და მის პროპაგანდისტულ საშუალებებს მივმართავ. ყველა ფორმატი იქნება რეალიზებული, რაც ამ საქმის შესრულებას სჭირდება".

ამავე თემაზე: რა წერია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც მტავრობამ გამოქვეყნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S