პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება და პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი წესით მოქალაქეებმა აირჩიონ
08/01/2024 07:21:46 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.
მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას.
"ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა „ოცნების" ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა, მაგრამ პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში, სხვათა შორის, უკვე მესამედ. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რომც დავიჯეროთ, რომ ივანიშვილს თავისივე "ოცნების" ძალაუფლების დაბალანსება უნდა, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტს. შესაბამისად, ლოგიკურად, მის ინტერესშიც უნდა შედიოდეს მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ინსტიტუტების შენარჩუნება. ამიტომ, მოვუწოდებთ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ეს საკითხი ჩვენ პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილშიც გვქონდა, მაგრამ საახალწლო სიურპრიზების შედეგად, ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ამ პროცესების დაჩქარება. ეს გამოცდილება არ არის უცხო, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს მოუწია დაებრუნებინათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს აირჩიეს ექვსი წლის ვადით.
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.


