Accentnews.ge
"ოცნება" – დანიის ელჩის მიერ ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებაზე: "დიპლომატი ქვეყნის შიდა საკითხებში ზედმეტად ერევა"

"ოცნება" – დანიის ელჩის მიერ ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებაზე: "დიპლომატი ქვეყნის შიდა საკითხებში ზედმეტად ერევა"

11/01/2024 08:56:12 პოლიტიკა

საქართველოში დანიის ელჩი ქვეყნის შიდა საკითხებში ზედმეტად ერევა", – ასე ეხმიანებიან "ქართულ ოცნებაში" საქართველოში დანიის ელჩ ანე ტოფტ სორენსენის მიერ მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების ფაქტს.

საპარლამეტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ "სამწუხაროდ, საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომატს საკუთარ უფლებამოსილებებზე მცდარი წარმოდგენა აქვს".

„ისინი ცდილობენ ხოლმე შიდა პოლიტიკურ პროცესებში მათი უფლებამოსილების მიღმა ზედმეტად ჩარევას და ზედმეტი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას, რაც მათი საქმე ცალსახად არ არის. დანიის ელჩის განცხადება სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია შევამციროთ და დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძოლოთ. ამ დროს კი, თავად ელჩი დეზინფორმაციის საფუძველს ქმნის და შემდეგ რადიკალურ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს საშუალებას აძლევს, პროცესების რადიკალიზაციისკენ ნაბიჯი გადადგან. ეს ელჩის მხრიდან სრულიად მიუღებელი საქციელია. მისი საქმე არ არის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ასე სუბიექტურად პედალირება. ჩემი აზრით, მას ამაზე საგარეო უწყებაში განმარტებების გაკეთება მოუწევს. ქვეყნის შიდა საკითხებში ზედმეტად ერევა, რაც მისი საქმე არ არის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი ირაკლი ზარქუა ელჩს ურჩევს ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს და მომავალში უფრო ფრთხილი იყოს:

„როგორ გელანდებათ ყველაფერში სანქციები და როგორ გინდათ, მაგრამ ვერ ეღირსებით. ქალბატონი ელჩის განცხადებას რაც შეეხება, უპასუხისმგებლოს, მე ვიტყოდი, სიცრუეს, დეზინფორმაციას, თავხედურ განცხადებას დავარქმევდი, პირდაპირ უნდა ვთქვათ. მგონი, ავიწყდება ქალბატონ ელჩს უფლებამოსილებები და ვალდებულებები. თქვენ, ქალბატონო ელჩო, აქ დანიშნულო ხართ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს დაეხმაროთ ევროპულ ინტეგრაციაში. ჩვენ როცა მთელი რიგი წარმატებები გვაქვს და შევახსენებ ქალბატონ ელჩს, რომ კანონის უზენაესობით ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას და ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, ბიუჯეტის ღიაობით და გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, თქვენს სახელმწიფოსაც ვუსწრებთ, ეს მათ შორის, თქვენმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, კორუფციის აღქმის ინდექსით 11 სახელმწიფოს ვუსწრებთ ევროკავშირის და ესაა მოცემულობა, რაც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შექმნა, მოიტანა. ასე რომ, თქვენს ამ განცხადებებს ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს - პოლარიზაციის უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ვმუშაობთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი. შემდეგში მოგიწოდებდით უფრო ფრთხილი იყოთ. არ ვიცი, ეს შეცდომით თუ გამიზნულად ქენით, ორივე შემთხვევაში დანაშაულია და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს ამ ელჩს და მოსთხოვს ახსნა განმარტებებს. მე კი ჩემი მხრიდან, ვურჩევდი ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ამ განცხადების გამო”.

"ქართული ოცნების" გენმდივნის კახა კალაძის განცხადებით, დანიის ელჩ ანე ტოფტსორენსენის განცხადება არის "სიბინძურე".

„ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებსთავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში "ოლიგარქი" უწოდა და აღნიშნა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S