კახა კალაძე – დანიის ელჩის განცხადებაზე: "ჩვეულებრივი სიბინძურეა, რადგანბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის რა აქვს გაკეთებული, საზოგადოებამ კარგად იცის"
11/01/2024 10:30:04 პოლიტიკა
დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, დანიის ელჩ ანე ტოფტსორენსენის განცხადება, რომელშიც მან პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქი" უწოდა, არის სიბინძურე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერის თქმით, "საზოგადოებამ კარგად იცის, ივანიშვილს რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და იგი თავის საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს".
„ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებსთავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა რიგ ევროპარლამენტარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მათ საქართველოსთან მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან".
„ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ვიცით, როგორ იმართებიან და ფულს როგორ იღებენ. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შენიღბული. იმ „რუსული კანონით“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, ჩვენ ვნახეთ, თურმე რა რეზოლუციების მიღებაა შესაძლებელი, თუ ფულს იხდი. თუ იხდი,შეგიძლია ყველაფერი აკადრებინო თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს. ვინც ასეთ უხამს და უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ, მართლაც სამარცხვინოები არიან. მათ საქართველოსთან არანაირი მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ამას ემსახურებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში "ოლიგარქი" უწოდა და აღნიშნა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.


