საგარეო უწყების პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას": არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში
11/01/2024 11:38:10 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გეგმაში უკვე გაწერილია, რომელიც გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა.
ასე გამოეხმაურა სამინისტრო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ბრიფინგს, რომელზეც ენმ-ის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სამინისტროს მოუწოდა, არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად მოეწვია.
"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც დამტკიცდა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნომერს და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე. გეგმაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება მიმართავს ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.


