“ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს” – ომბუდსმენი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე
20/01/2024 06:53:40 პოლიტიკა
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმა "ბევრი ადამიანის რელიგიურ გირძნობების შეურაცხყოფას იწვევს".
ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ჩვენ სამების საკათედრო ტაძარში ვიხილეთ და საერთოდ, ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც მოიწონებდა ამ საქციელს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის რელიგიური ქვეყანა, ეს არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, რელიგიური ქვეყანა. არის ქვეყნები, სადაც რელიგიური ხალხი ნაკლებად ცხოვრობს, მაგრამ საქართველო არ არის ასეთი. ამიტომ ასეთი ტიპის ქმედებები საშიშია, სენსიტიურია, ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ყოველთვის, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მიუღებელია ის ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ადამიანისთვის ის, რაც იქ ვიხილეთ" - განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, "ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე არასწორია სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება".
"როგორი მიუღებელიც უნდა იყოს ვიღაცის ქმედება, არ შეიძლება მას სახლში მიუვარდე და გადაწყვიტო მასზე ძალადობა და მისი გასამართლება ასეთი მეთოდით. ამისთვის არსებობს სახელმწიფო და კანონის ფარგლებში უნდა მოხვდეს ამ ყველაფრის დარეგულირება. ამავე დროს, ჩემთვის ასევე მიუღებელია სტალინის ხილვა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. გასაგებია, ეს არ არის ხატი, მაგრამ რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, ის არ იმსახურებს იყოს იქ, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, ანგრევდა, ხვრეტდა, ანადგურებდა. ის აკეთებდა ამას არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, ასევე სხვა რელიგიების წინააღმდეგაც. ამიტომაც ჩემთვის ესეც მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, რომ ასეთი პერსონაჟები იყონ წარმოდგენილი ეკლესიაში. როდესაც რელიგიურ გრძნობებს ეხება საკითხი, გარდა იმისა, რომ სიფრთხილე გვმართებს, უნდა დავიცვათ ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც არსებობს და რომელიც ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, აბალანსებს გამოხატვის თავისუფლებას იმ ზღვრით, სადაც უკვე სხვისი უფლება იწყება“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
იმავე დღეს პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.
9 იანვარს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. ხატი მალევე გაწმინდეს და თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. "ხატის შეურაცხყოფის" გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა "ალტ-ინფოს" ორგანიზებით.
16 იანვარს პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ მატრონას ხატზე სტალინის გამოსახულების ჩანაცვლების პროცესს ორგანიზებას საპატრიარქო გაუწევს და არა შემწირველი. მისივე ცნობით, საპატრიარქოს წარმომადგენლები ხატმწერს უკვე დაუკავშირდნენ და სტალინის გამოსახულება სამებაში, სავარაუდოდ, ადგილზე რამდენიმე დღეში ჩასწორდება. ანუ ხატს ეკლესიიდან არ გაიტანენ.
საბჭოთა რეპრესიებმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, საუბარია სულ მცირე, 12 მილიონ ადამიანზე.


