მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა
24/01/2024 08:15:10 პოლიტიკა
„ლელოს“ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა.
სარჩელი ადვოკატმა ზვიად კორძაძემ წარადგინა და განმარტა, რომ ის კალაძის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფის მოთხოვნას შეეხება.
„ბატონმა კალაძემ მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა, რომ ის ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა. ჩვენ სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით შეგვაქვს, რადგან ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, ყალბი ცნობებია და შესაბამისად, სასამართლოს ვთხოვთ, ბატონ კალაძეს დაავალოს აღნიშნული ცნობის უარყოფა",- განაცხადა კორძაძემ.
ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ეხება და სასამართლოსგან კალაძისთვის გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფის დავალებას მოითხოვს.
მანამდე კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე "ლელოს" ლიდერებს "ხანდაზმული თაღლითები" "ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭები" უწოდა.
"ყველამ კარგად იცის, ვის რა წარსული აქვს, იმავე "ხანდაზმული თაღლითების" პარტიის ლიდერები რით იყვნენ დაკავებული. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ლელო“, პირობითად ვიძახი, რაღაც ახალი პარტიაა და ახალი სახეები არიან, ვინ არიან ახალი სახეები? ხაზარაძეა ახალი სახე? ვინ არის ახალი სახე? ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? სამადაშვილია ახალი სახე? ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა "ნაციონალური მოძრაობა". შეიძლება, ბატონი ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს", - თქვა კალაძემ სხდომაზე.
"ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს... დანარჩენი სასამართლოში", - ასე გამოეხმაურა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის განცხადებას.
მან "პოსტს" თანდურთო ვიდეოს, როდესაც კალაძე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში უჭერდა მხარს.


