Accentnews.ge
ელისაშვილი: შეხვედრაზე დეპოლარიზაციის თაობაზე გენიალური იდეები არ ისმის, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს

ელისაშვილი: შეხვედრაზე დეპოლარიზაციის თაობაზე გენიალური იდეები არ ისმის, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს

29/01/2024 07:50:16 პოლიტიკა

პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები არ ისმის, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

ის საარჩევნო წელს დეპოლარიზაციას არ ელის მიუხედავად იმისა ეს ევროკავშირის ერთ–ერთი რეკომენდაციაა.

„მიუხედავად იმისა, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე მომხსენებელი ირაკლი კობახიძეა, საუბარი ჯერ ძალიან წყნარად მიმდინარეობს. დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები ისმის-მეთქი, რომ გითხრათ, არა, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს. არ მჯერა, რომ საარჩევნო წელს დეპოლარიზაცია მოხდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან არ მონაწილეობს „ლელო“, რომელიც საკუთარ გეგმას, როგორც დაანონსდა, 0 იანვარს წარუდგენს საზოგადოებას.

შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორიდან „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველოს 9 რეკომენდაცია მისცა შესასრულებლად იმისათვის, რომ გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯზე - მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

რეკომენდაციები მოიცავს:

ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას;

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებას;

პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, ასევე საარჩევნო რეფორმების დასრულებას;

საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომ გაუმჯობესებას უსაფრთხოების სამსახურებზე, საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას;

ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულებას და განხორციელებას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;

ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ინკლუზიური პროცესით;

დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყებას მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ მუქარის შემთხვევებში და ძალადობაში მონაწილეებისა და მის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის კეთების პროცესებში, მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S