Accentnews.ge
იაგო ხვიჩია - სამუშაო შეხვედრაზე: იმედგაცრუებული ვარ

იაგო ხვიჩია - სამუშაო შეხვედრაზე: იმედგაცრუებული ვარ

29/01/2024 07:57:05 პოლიტიკა

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, რომელიც ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად გამოცხადდა, ამბობს, რომ იმედგაცრუებულია.

მან მედიასთან წუხილი გამოთქვა, რომ ახალი რეკომენდაციების შესრულების პროცესიც ფორმალიზებულია.

„სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი, დილის 07:00 საათზე ღირდა თუ არა ამ საქმეზე ადგომა და მოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან, რადგან, მმართველი გუნდის აზრით, 12 პუნქტი ბრწყინვალედ შევასრულეთ და სტატუსი მივიღეთ. ცხრა რეკომენდაციის შესრულებასაც იმავე სტილით აპირებენ, როგორც 12 პუნქტი შესრულდა. მქონდა კითხვა, როგორ ვაგვარებთ დეპოლარიზაციას, პასუხი იყო, ხომ გვესმის, პოლარიზაცია დემოკრატიის ნაწილია, ჩვენი ამოცანა დეპოლარიზაცია არ არისო. მგონი, არაფერი ისე არ იცვლება, რომ ქართველმა ხალხმა განსხვავება იგრძნოს. შინაარსით ისეთივე ფორმალიზებული პროცესია, როგორც 12 პუნქტზე იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დილიდან მიმდინარეობს. მას საპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ესწრება.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველოს 9 რეკომენდაცია მისცა შესასრულებლად იმისათვის, რომ გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯზე - მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

რეკომენდაციები მოიცავს:

ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას;

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებას;

პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, ასევე საარჩევნო რეფორმების დასრულებას;

საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომ გაუმჯობესებას უსაფრთხოების სამსახურებზე, საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას;

ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულებას და განხორციელებას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;

ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ინკლუზიური პროცესით;

დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყებას მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ მუქარის შემთხვევებში და ძალადობაში მონაწილეებისა და მის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის კეთების პროცესებში, მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S