რას ამბობს ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებზე
29/01/2024 13:14:25 პოლიტიკა
დღეს, 29 იანვარს ოფიციალურად დადასტურდა ის, რაზეც მედია გასული დღეებს განმავლობაში წერდა: ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა და საქმიანობას პარტიაში გააგრძელებს, როგორც შეთავაზებულია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში. პარტიის ყრილობა 1 თებერვალს უნდა გაიმართოს.
ირაკლი ღარიბაშვილს მისი შემცვლელის ვინაობა არ გაუჟღერებია, თუმცა მედია, მათ შორის, სამთავრობო, წერს, რომ ამ თანამდებობას მმართველი გუნდის ასევე ძველი სახე – ირაკლი კობახიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მედია ასევე წერს, რომ ცვლილება კიდევ რამდენიმე მინისტრს შეეხება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე საკადრო გადაადგილებით რეალურ ცვლილებებს არ ელის:
„ახლა თუ ვინმე უნდა იყოს საქართველოს პრემიერი-მინისტრი და ახლა თუ რამეს უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, ერთადერთი რამით უნდა იყოს დაკავებული - ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ახლა მოქალაქეებს ვეკითხები - კობახიძე არის ამის გამკეთებელი? რომ შეგერჩია ადამიანი, რომელიც რაიმეს გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია ეკონომიკის მიმართულებით, კობახიძე საუკეთესო იქნებოდა. მისი განვლილი ცხოვრება ადასტურებს იმას, რომ არათუ ეკონომიკის მიმართულებით, არამედ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია პრობლემებზე, რაზეც ვსაუბრობთ. კობახიძის პოზიციაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, შექმნილია უამრავი სამუშაო ადგილი - ეს დამღუპველია, რადგან ყველაფერი პირიქითაა“.
ცვლილებებს არ ელის ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანიც:
„გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია. გამონათქვამებში ყველაზე რადიკალი ირაკლი კობახიძეა. ამით მიგვანიშნა [ბიძიმა ივანიშვილმა], რომ იგივე პოლიტიკაა. თუმცა უკვე მეორედ, სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს. „მინდა ასე მოგექცევი, მინდა - ისე“, ეს არის ფეოდალური ინსტიტუცია და დამოკიდებულება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი უნდა იყოს მაგრამ ადამიანები, რომლებიც მორჩილებაში არიან, შეურაცხყოფილები არ რჩებიან”,- განაცხადა ჩარკვიანმა.
„სტრატეგია აღმაღენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ პრობლემების ფონზე მმართველი გუნდი „ფასადურ ცვლილებებს“ გვთავაზობს:
„ქართულ ოცნებას" მოუწია იმ ეკონომიკური ჩავარდნის აღიარება, რაც ქვეყანაშია და მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ. ახლა გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და ღარიბაშვილი მიუჯდება უკან, თამაშია ერთგვარი. რა თქმა უნდა ირაკლებისთვის რაღაც შეიცვლება, მაგრამ ხალხისთვის - არაფერი. უარესიც არის ეს, რადგან კობახიძეს არანაირი შეხება არ აქვს ეკონომიკასთან, არც სამუშაო ადგილებთან, არც დასაქმებასთან. ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ხალხის პრობლემები არ ანაღვლებს. ბიძინა ივანიშვილი ერთობა, ველოსიპედს უკან ღარიბაშვილი მიუჯდება და წინ გადმოჯდება კობახიძე. ეს თამაში სჭირდება საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთესად გვის, მაგრამ კობახიძე არის ძველი ცოცხი, რადგან პარტიის თავმჯდომარე იყო, ნომერ პირველი პირი და ქვეყნის ეკონომიკისთვის, მოქალაქეების დასაქმებისთვის არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს დღის წესრიგს, რომ საჭიროა რეალური ცვლილებები, გადაჯდომა- გადმოჯდომა გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ცვლილებების მოლოდინი არ აქვს პარტია „მოქალაქეების“ წევრ ალეკო ელისაშვილისაც:
„ერთი ირაკლი მეორე ირაკლის შეცვლის და ერთი მეორეზე მაღალი რომ არის, ეს იქნება, მეტი არაფერი შეიცვლება. ვარცხნილობა აქვს კიდევ უფრო განსხვავებული. რეალურად, არაფერი შეიცვლება – ისევ მოვისმენთ, რომ ეკონომიკა ყვავის, გადადუღდა და ორთქლი ამოსდის, ყველა რომ მდიდრები ვართ და მინიმუმზეა უმუშევრობა. ქვეყნისთვის და ხალხისთვის არაფერი შეიცვლება. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მართლა ბევრ რამეში არ ერეოდა და ბევრმა ჩათვალა, რომ ბრჭყალები მოუცვდა, უნდა, აჩვენოს, რომ მთლად პენსიაზე არ ყოფილა წასული. როცა კამერა ირთვება, კობახიძე საშინლად, ცინიკურად და აგდებულად ლაპარაკობს ოპონენტებზე, მაგრამ ვერ იტყვი, რომ კომპეტენტური არ არის. საპარლამენტო საქმიანობაში კომპეტენტური იყო. ირაკლი კობახიძე, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კორუფციაში შემჩნეული არ ყოფილა. ღარიბაშვილი თვითმფრინავს სახელმწიფოს ხარჯზე დაატარებდა და შვილი დაჰყავდა უნივერსიტეტში. შეიძლება კობახიძის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კორუფციაში არ არის შემჩნეული“.
„გირჩის“ წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ცვლილებებში მეტ ფანტაზიას ელოდა, თუმცა „პრიმიტიული გადანაცვლება“ მივიღეთ:
„სამს პლუს შვიდი და შვიდს პლუსს სამი ათს უდრის, ერთ ადგილზე რომელს დააყენებ და მეორეს – სად, ამით ჯამი არ იცვლება. თუ ადრე ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და მეორე ირაკლი – პარტიის თავმჯდომარე, ახლა ორივე ირაკლი რომ მეორე მხრიდან ჩანაცვლდება, მეეჭვება, ამით ქართველმა ხალხმა რაიმე შვება იგრძნოს, პასუხისმგებლობა მაინც ბიძინა ივანიშვილზეა. ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავისზე ნაკლები პრემიერ-მინისტრი იქნება, რაც ბოლო პერიოდში პრემიერები გვყოლია. არც არავისზე ნაკლები იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ირაკლი კობახიძე ინტელექტუალურად არავის ჩამორჩება. შესაბამისად, არ მგონია, ქართველ პრემიერებში მაღალი თამასა იყოს აწეული, რომ მას დიდი კონკურსი და შეჯიბრება დასჭირდეს. ისე, ცვლილებებში მეტ ფანტაზიას ველოდი. პრიმიტიული გადანაცვლებაა ერთი მოთამაშის მეორეთი ჩანაცვლება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის აზრით, ახლო მომავალში საზოგადოება ფორმირებული საკადრო ვერტიკალის მეორედ წმენდის პროცესის მომსწრე გახდება, რაც „შიდა ინტრიგებსა და შიდა ქაოსს გაზრდის“:
„როცა პირველად გადააყენეს, ირაკლი ღარიბაშვილი დილით მომავალი წლის სამოქმედო გეგმებს სახავდა. მას ახლაც ეგონა, რომ შავი ზღვის ფსკერზე გაიყვანდა კაბელს ბომბეიდან ბუდაპეშტამდე. არ დასცალდა...
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ღრმად ჩართვას არა თუ პარტიულ მენეჯმენტში, არამედ მთავრობის საქმიანობაში. დაინახა, რომ ამ მთავრობით არჩევნებზე გასვლა მარცხს ნიშნავდა.
ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლის პირობებში პარტიის თავმჯდომარის პოსტი არაფერს ნიშნავს. მის დაქვემდებარებაში ყოფნა ბევრი დამცირების გადატანას ნიშნავს.
ივანიშვილმა საკადრო რესურსი ამოწურა - „ქართუში“ ვინც წერა-კითხვა იცოდა ან მთავრობაში მოიყვანა, ან - პარლამენტში. ზოგი მოისროლა, ზოგიც თბილ ადგილებზე განამწესა. განახლებული მთავრობა კვლავ უფერული კადრებით შეივსება.
ყოველივე ეს „ქართულ ოცნებაში“ არსებული კრიზისის მაჩვენებელია და ამას ოპოზიციის მხრიდან გამოყენება სჭირდება“.
დეპუტატ თეონა აქუბარდიასთვის ცვლილებები არ იყო მოულოდნელი იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლისას, კორუფციის რისკებზე ილაპარაკა:
„ეს იქნებოდა ჩვეულებრივი როტაცია, თანამდებობების გაცვლა, რომ არა ის, რომ მისი გუნდის წევრები მთავრობიდან ტოვებენ მინისტრების პოზიციას. შესაბამისად, ეს არ იყო მოულოდნელი იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლისას კორუფციის რისკებზე ილაპარაკა. ღარიბაშვილი კორუფციის გამო ერთხელ უკვე გაუშვეს პრემიერობიდან, ეს მეორედ ხდება. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, იცით, რომ გარკვეული დაპირისპირება ორ ირაკლის შორის არსებობდა. როგორც ჩანს, ამ მოცემულობაში, ირაკლი კობახიძემ მოიგო, თუმცა გრძელვადიანად, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი იგებს. იმიტომ, რომ საჭადრაკო დაფაზე ისინი მხოლოდ ფიგურები არიან, რომლებიც კონკრეტულ როლს და ფუნქციას ასრულებენ ივანიშვილის თამაშში“.


