"აბსოლუტურად ყველა დელეგატი თავის საქმის პროფესიონალია" - ოდიშარია 32-წევრიან დელეგაციაზე
31/01/2024 10:33:52 პოლიტიკა
კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე 32-წევრიანი დელეგაციის გამგზავრებას განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, "ყველანაირი ისტერია" კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით "მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია".
ის ამტკიცებს, რომ "აბსოლუტურად ყველა დელეგატი თავისი საქმის პროფესიონალია".
"აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი. ეს ნაწილი რასაკვირველია ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ პოსტვს და იმედის გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა. [...] ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია. წლევანდელი ქართული სტენდი, როგორც გაშუქების, ისე საქმიანი შეხვედრების მხრივ იქნება ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური და მოემსახურება ქართული კინემატოგრაფის ინტერესებს, რომელსაც ასე აქტიურად ცდილობენ სახელი შეულახონ საერთაშორისო კინოსივრცეებში მავნებლებმა", - წერს ოდიშარია.
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის - 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს - ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს და აქვეყნებს მოპოვებულ სიას, თუ ვინ იქნებიან ოფიციალური წარმომადგენლები.
პუბლიკა EFM-ის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური წარმომადგენლების სიაში პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე არიან.
ამასთან, ოფიციალური წარმომადგენლების სიაში არიან თავად კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაც, კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია.
პუბლიკა წერს, რომ კინოცენტრის დელეგაციის 32 წევრიდან 11, მათ შორის გური სულთანიშვილიც, კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერადაა გაფორმებული. რაც შეეხება ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს - მას კინოცენტრი გზავნის, როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.


