კვიტაიშვილი: ვტოვებ "ნაციონალურ მოძრაობას"
31/01/2024 10:53:52 პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნინო კვიტაიშვილი ენმ-ს ტოვებს და საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად რჩება.
როგორც კვიტაიშვილი ამბობს, დღეს ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ზაზა გოგავას სახელით, არჩევანის გაკეთება მოსთხოვა: "ან ემორჩილები პარტიის მენეჯმენტს, მის დავალებებს, ან ირჩევ საკუთარ გზას და ნიკა გვარამიას".
"გასაგებია და ალბათ ლოგიკურიც: პარტიის მენეჯმენტში მომხდარი ცვლილებების მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს და რაკიღა პარტიას დღეს ეს საკმარის წინაპირობად მიაჩნია ჩემი "ნაცმოძრაობის" რიგებში არყოფნისთვის, მე არ ვაპირებ, დაველოდო გარიცხვას და თავად დავტოვებ "ნაცმოძრაობას".
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და დღეს საქართველოში პოლიტიკურ ველზე მყოფთაგან ერთადერთ ადამიანი, ვისაც "ქართული ოცნების" პერიოდში ნულიდან წარმატების შექმნის გამოცდილებაც აქვს და "ქოცებთან" გამარჯვებებისაც. ზუსტად ვიცი, ახლაც ის შეძლებს ცვლილებების მოტანას და "ქართული ოცნების" დამარცხებას. მის გარეშე მე ამ ბრძოლას ვერ ვხედავ. ვირჩევ გზას მის ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად, რომელთაც უკვე კარგად ვიცნობ და მათი კომპეტენციით, გამბედაობით და ბრძოლისა და ცვლილებების ჟინით სრულიად აღფრთოვანებული და ძალიან მოტივირებული ვარ.
თავისუფლებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. წარმატებას ვუსურვებ ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ენმ-ის წარმატება ქვეყნის წარმატებისთვის იყო და რჩება მნიშვნელოვან წინაპირობად." – წერს კვიტაიშვილი.


