ოპოზიციის რეაქცია მმართველ გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე
01/02/2024 12:17:33 პოლიტიკა
ოპოზიცია მმართველ გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმიანება.
"ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ "რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის".
"ის, რომ რუსული კანონის ავტორი პრემიერად არის წარდგენილი, საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული. რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის. საქართველოსთვის ეს არის ძალიან სახიფათო ხელისუფლება. იქნებ საზოგადოება, საკუთარი ამომრჩეველი მაინც ჩათვალონ ღირსად და თქვან, რა პარამეტრებით უშვებენ ჯუანშერ ბურჭულაძეს, თუ სხვებს ტოვებენ?! ან სხვებს რატომ ტოვებენ, თუ ბურჭულაძეს უშვებენ?! რაც შეეხება ბურჭულაძეს, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მინისტრმა თქვა, ამ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე ლიბერალიზმიაო. ამით რომ დაგამახსოვრებს თავდაცვის მინისტრი თავს ძალიან მძიმედ არის საქმე. რა ვიცი, ალბათ ნატო-ში არ წავა, რადგან დასავლეთი საფრთხედ აქვს აღქმული და ალბათ, სადმე უფრო ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას“.
პოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადეს, რომ "ოცნებას" კომიკური დანიშვნები აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებში".
იგი მიიჩნევს, რომ "ჯუანშერ ბურჭულაძის ნატო-ში ელჩად წარდგენა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს არაფერს არგებს".
"ქართულ ოცნებას" იმდენად კომიკური დანიშვნები აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებში, ნამდვილად არ გამიკვირდება ბურჭულაძის ნატო-ში ელჩად დანიშვნა. ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე რა კავშირშია ან ნატო-სთან, ან დიპლომატიურ მისიასთან ან მისი გამოცდილებით ან განათლებით? ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს იქნება თანაგუნდელის პოლიტიკური მოშორება, რაც არც ნატო-ში გაწევრიანების კუთხით არგებს რაიმეს ქვეყანას და არც საქართველო- ნატო-ს პარტნიორობას".
რაც შეეხება ბურჭულაძის შემცვლელეს, აქუბარდია აცხადებს, რომ "ჩიქოვანს თუ შესაძლებლობა მიეცა, უკეთესი მინისტრი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი იყო":
"ცალსახად უკეთესი იქნება ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრად, ვიდრე იყო მისი წინამორბედი, რადგან მას აქვს გარკვეული გამოცდილება ისევე, როგორც ცოდნა ამ სფეროსი და ვფიქრობ, მისთვის შორეული არ არის თავდაცვის საკითხები. ნამდვილად გულწრფელად ვულოცავ მას ამ დაწინაურებას და მინდა,იმედი ვიქონიო, რომ გამოცდილება, რაც წინა მინისტრთან პარლამენტში გვქონდა, როცა სადეპუტატო კითხვებზე პასუხსაც აღარ იძლეოდა, გაუმჯობესდება მაშინ, როცა პარლამენტიდან მიდის მინისტრი იქ. თუმცა, ჯამში სურათი არ შეიცვლება "ქართული ოცნების" პირობებში. [...] არ ველოდები ფუნდამენტურ ცვლილებებს და რეფორმებს, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე და იქიდან, რომ ვიცნობთ ჩიქოვანს პარლამენტში, ეს კარგ სასტარტო პირობებს იძლევა. ხოლო როგორ გამოიყენებს ამას, როგორ უხელმძღვანელებს კობახიძე მთავრობის კაბინეტს, ეს ამაზე იქნება დამოკიდებული. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კობახიძე იყოს ის პირი, ვისაც თავის ქვეყნის ჯარი და ტერიტორიული მთლიანობა დიდად აღელვებს. ის არასდროს არც საოკუპაციო ხაზზე ყოფილა, სამხედრო აღლუმის დროს არ მდგარა იქ, სადაც ჩვენ ვიდექით, როცა გვეძახდნენ. ასე რომ არ მგონია, ემოციური ბმა ჰქონდეს ჯართან, მაგრამ ჩიქოვანს მეტი შესაძლებლობები აქვს, თუ ამის გასაქანი ექნება".
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ "ოცნება კიდევ ერთხელ ატყუებს მოსახლეობას".
"ერთადერთი რამ, რაც დღეს ჩვენ „ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს, უკეთეს ცხოვრებას, რასაც “ქართული ოცნება” არ უზრუნველყოფს. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ღირსეული სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იმისა, რომ იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, სადაც მათ არ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, მან შემოთავაზება მიიღო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა განიხილოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა სხვა მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს.


