ზურაბიშვილი – ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე: ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა
01/02/2024 12:37:26 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ეხმიანება.
"ეს შეთანხმება აჩვენებს ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ჩვენ, ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და ჩვენმა განუყოფელმა უსაფრთხოებამ დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ", – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ბრიუსელში დღეს გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის გამოყოფაზე თანხმობა ერთსულოვნად განაცხადეს.
შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ვეტო დეკემბერში დაადო.
საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი, 33 მილიარდი კი კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.


