მამუკა მდინარაძე: ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება, რადგან საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება
01/02/2024 12:58:29 პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება, რადგან საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.
მდინარაძეს კითხვით მიმართეს, იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ზუგდიდის მაჟორიტარია, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხომ არ ჩატარდება შუალედური არჩევნები ზუგდიდში.
„საარჩევნო წელს, როგორც წესი, არჩევნები არ ტარდება, ასეა კანონმდებლობით, შესაბამისად, სამწუხაროდ, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ უკვე მაჟორიტარები აღარ გვეყოლება, მაგრამ სიაში აუცილებლად გვეყოლება ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ყველა რეგიონს – სამეგრელოს, ზუგდიდს და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, მან შემოთავაზება მიიღო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა განიხილოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა სხვა მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს.


