ევროპელი ელჩები – 2024 წლის არჩევნებზე: ზუსტად უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას
01/02/2024 16:35:28 პოლიტიკა
ევროპელი ელჩები მიიჩნევენ, რომ 2024 წლისთვის საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ზუსტად უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას. ამის შესახებ დიპლომატებმა ევროკავშირის, SIDA-ს, USAID-ისა და NED-ის მიერ მხარდაჭერილი ახალი საარჩევნო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად“ თვლის ქვეყნისთვის იმის შეხსენებას, რომ „არჩევნების ხარისხს განსაზღვრავს არა უბრალოდ ხმის მიცემის აქტი, არამედ მთელი საარჩევნო პროცესი და საარჩევნო გარემო“.
"საარჩევნო პროცესის თითოეულ მონაწილეს - მთავრობით დაწყებული და მოქალაქით დამთავრებული, მედიით დაწყებული და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებით დამთავრებული - შესასრულებელი აქვს თავისი როლი იმისათვის, რომ ეს არჩევნები შეესაბამებოდეს დემოკრატიის სტანდარტებს და ზუსტად ასახავდეს საქართველოს ხალხის ნებას“, – განაცხადა ელჩმა.
ამ მიზნის მიღწევაში პაველ ჰერჩინსკი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს „გადამწყვეტს“ უწოდებს:
„მათი როლი არჩევნებზე დაკვირვებაში სასიცოცხლოა. მათ ყოფნას შეუძლია ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და მისი არჩევანი ითვლება“.
პაველ ჰერჩინსკი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის ევროინტეგრაციის კონტექსტში განიხილავს:
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯთაგანი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს გაფართოების პროცესის შემდეგი ეტაპისთვის”.
სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება საქართველოში შვედეთის ელჩმა ანა ლიბერგმაც:
„გვჯერა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სადამკვირვებლო ჯგუფებს შეუძლიათ თავისუფლად მოქმედება ქვეყანაში“.
შვედმა დიპლომატმა ილაპარაკა საკუთრივ ISFED-ის გამოცდილებასა და წვლილზე არჩევნებზე დაკვირვების საქმეში:
„ვხედავთ, რომ არჩევნების არაპარტიული მეთვალყურე ორგანიზაციები ბევრ ქვეყანაში არიან თავდასხმის სამიზნეები. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხაზს უსვამს მათი საქმიანობის და აგრეთვე მათთვის მხარდაჭერის გაწევის მნიშვნელობას“.
ანა ლიბერგმა განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის, როცა „მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი ნება და განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი".


