გივი მიქანაძე – ნატა ფერაძის საქმეზე: გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია
02/02/2024 12:55:03 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ აქტივისტ ნატა ფერაძესთან დაკავშირებით „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული“.
„მოსამართლემ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რა ქმედების შემცველი იყო ეს ყველაფერი, ეს კანონის ფარგლებში ჯდება და აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, საგაზაფხულო სესიაზე გვექნება ინიციატივა იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედებების კუთხით გავამკაცროთ პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს არის სიწმინდეებზე, ჩვენს რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ შევალ გადაწყვეტილების კონტექსტში, რაც მოსამართლემ მიიღო კონკრეტულ საკითხზე. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლე მიიღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმიდან, იმ მხილებებიდან, მტკიცებულებებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული. ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას. კანონები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც, რომ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასთან“,- განაცხადა მიქანაძემ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვმა სამებაში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, იგი საკუთარ სახლში დააკავეს.
შსს ადმინისტრაციულ საქმეს 166-ე, წვრლმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებდა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.
მოსამართლემ ფერაძე სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.
ცნობისთვის: ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სოციალურ ქსელში 6 იანვარს გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
7 იანვარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 10 იანვარს აქტივისტის სახლთან პროტესტი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო.
11 იანვარს საპატრიქრომ მიმართა წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამჟამად ხატი სამებაში არაა და როგორც განიმარტა, ცვლილებებისთვის გადაიტანეს.


