რა წერია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა
02/02/2024 17:18:29 პოლიტიკა
სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ დღეს განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა.
პროგრამა ოთხ მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.
"თავისუფალი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიული ღირებულებების სისტემას ეფუძნება, სადაც მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა.
მშვიდობისა და სტაბილურობის, ისევე როგორც, სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ბოლო წლებში გატარებული არაერთი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის შედეგად, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა მტკიცე ღირებულებებად ჩამოყალიბდა. შედეგად, სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკის, სოციალური, საგარეო-პოლიტიკური, დემოკრატიის მშენებლობისა და სხვა ფუნდამენტური მიმართულებებით. ამასთან, გლობალური თუ რეგიონული კრიზისების ფონზე, ეკონომიკის სწრაფი ზრდის ტენდენციებით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონსა და ევროკავშირის რიგწევრ ქვეყნებს შორის.
2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით ახალ, ისტორიულ ეტაპზე გადავიდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, აღნიშნული ლოგიკური გაგრძელებაა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის, რომლის შედეგად, 2014 წელს ქვეყანამ ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით, ძალაში შევიდა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და სხვ. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ემსახურება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხის ურყევ ნებას - ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ.
- დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს განვითარება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, სერიოზული გლობალური და რეგიონული კრიზისების ფონზე უწევდა. ბოლო წლებში გამოწვევები, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაიზარდა დაგამძაფრდა. ამ ფონზე, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, თითოეული ოჯახის დაცულობა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
გლობალური გამოწვევების ფონზე, იმისათვის, რომ მდგრადი და ინკლუზიურიგანვითარება მოქალაქეთა კეთილდღეობაზე აისახოს, საჭიროა რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფა, რესურსებისა და პოტენციალის მაქსიმალურადგამოყენება და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანად თანამშრომლობა.
შესაბამისად, წინამდებარე სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა", – ნათქვამია დოკუმენტში.
საგარეო პოლიტიკა
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მთავარ ამოცანად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა:
"სახელმწიფოს მთავარ ამოცანად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, დეოკუპაცია, საქართველოს რეგიონული დაგლობალური როლის კიდევ უფრო განმტკიცება ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. უსაფრთხოების გარემოს მზარდი გამოწვევებიდან გამომდინარე, მთავრობის მიზანია, ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე დაფუძნებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სტრატეგიული მზადყოფნის დონის ამაღლება, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტით დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. შედეგად, მთავრობა შეძლებს მოსახლეობისთვის მშვიდი და სტაბილური გარემოს შექმნას".
დოკუმენტის თანახმად, "მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ევროკავშირთან საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება".
ანგარიშში რამდენიმეგანაა ნახსენები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები:
"გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას. აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას. ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა. მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, გაგრძელდეს მუშაობა პარტნიორებთან, რათა მათ 9 გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციას, ასევე, მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიან გამოყენებას. წარიმართება მუშაობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალ პირებზე სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის შემზღუდავი ზომების დაწესებისთვის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გააქტიურება პრიორიტეტული სამოქმედო მიმართულებაა. მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაცია; არსებული რისკების პრევენციისა და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის/ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირების მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული სიკეთეები და შესაძლებლობები. ამ მხრივ, გაგრძელდება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - განხორციელება. დეოკუპაციის ძალისხმევის კვალდაკვალ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას, გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგს, ნდობის აღდგენას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას. გაგრძელდება აქტიური მუშაობა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი მობილიზებისთვის".
დოკუმენტში საუბარია საქართველოს უერთიერთობაზე ნატოს–თან, აშშ–სა და ჩინეთთან:
"საქართველო განაგრძობს ნატო-სთან აქტიურ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილებაში დარჩება ალიანსის სანდო პარტნიორად მის აღმოსავლეთ ფლანგზე. ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან − აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაცია.
[...] განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭროეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით. არსებულ გარემოში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსთვის პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გამყარება, თანამშრომლობის არსებული ფორმატების თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანა და ახალი სფეროების მოძიება".
პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს რეგიონში დაბალანსებული და ურთიერთსასარგებლო პარტნიორულ თანამშრომლობაზე დამყარებული პოლიტიკის გატარებას და ამ გზით, საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების პროცესში:
"ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, გაგრძელდება ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად. ამ მიზნით, გაგრძელდება მეზობელ - პარტნიორ სახელწმიფოებთან წარმატებული თანამშრომლობის განმტკიცება, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ყველა სფეროში, ასევე, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის გაგრძელება ეროვნული ინტერესების შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების საფუძველზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება როგორც თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთთან ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების არსებული მაღალი დინამიკის შენარჩუნება და გაძლიერება".
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მთავარ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების კუთხით ქვეყნის როლის გაზრდა:
"საქართველო ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი აქტორია, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდამ კი, კიდევ უფრო აქტუალური გახადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება. აღნიშნულ კონტექსტში, მნიშვნელოვანია შესაბამის ქვეყნებთან სტრატეგიულ-პოლიტიკური კავშირების ისევე როგორც, სექტორული თანამშრომლობის, კიდევ უფრო გაღრმავება. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა სატრანსპორტო/ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთ–დასვლეთს შორის ტვირთებისა და ენერგომატარებლების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით. საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას".
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარება/პოზიციონირება იქნება.
როგორც სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი, "დღეს არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხელშეწყობას საჭიროებს საზღვარგარეთ ქართული დიასპორა".
"საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მყარი კავშირის შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია დიასპორასთან ურთიერთობის სისტემური მიდგომის დანერგვა და დიასპორული ინიციატივების წახალისება საგრანტო პროგრამების, ასევე, სხვა სახის პროექტების მეშვეობით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკვე დანერგილი პროექტების განხორციელებას და მათ გაუმჯობესებას, ასევე, ახალი პროგრამების შემუშავებას, თანამემამულეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას. გაგრძელდება ძალისხმევა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთათვის ახალი კულტურული და საგანმანათლებლო კერების დაფუძნების ხელშეწყობის და მათი განვითარების მიზნით.
მნიშნელოვანი ყურადღება დაეთმობა აქტიურ კულტურულ დიპლომატიას, რომლის გამოყენებით საქართველო გააგრძელებს ქვეყნის საერთაშორისო ხილვადობის გაზრდას და საერთაშორისო კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში ქვეყნის ჩართულობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვან პრიორიტეტად დარჩება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა", – ნათქვამია დოკუმენტში.
ეკონომიკური განვითარება
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მომავალი მთავრობა გეგმავს ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას.
"ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანებია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, საგარეო ვაჭრობის განვითარება და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის განუყოფელი ნაწილია ტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის,ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, რაც მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის წინაპირობებს შექმნის. მთავრობის მიზანია საქართველო იქცეს საკვანძო ეკონომიკურ ჰაბად გლობალურ და რეგიონულდონეზე. შედეგად, შესაძლებელი გახდება დასაქმების ზრდა და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება", – ნათქვამია დოკუმენტში.
სოციალური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარება
მთავრობა გეგმავს გაიზარდოს ჯანდაცვის პროგრამის არეალი და ეტაპობრივად მოიცვას დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციამდე პროცესი. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.
"მოცემული მიმართულებით მთავრობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მთავრობის მტკიცე პოლიტიკაა ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა. ამასთანავე, პრიორიტეტად რჩება ხარისხიანი განათლების სისტემის განვითარება, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო ძლიერი და ცოდნით აღჭურვილი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს", – აღნიშნულია პროგრამაში.
სახელმწიფო მმართველობა
დოკუმენტის თანახმად, "მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საჯარო სამსახურის სისტემის განვითარება, რაც ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის დაჩქარებას".
"მთავრობა უწყვეტად განაგრძობს მოქალაქეებისთვის სერვისების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით მიწოდებასა დარეალურ საჭიროებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას.სამთავრობო პროგრამა ქმნის მყარ საფუძვლებს მომდევნო წლებში ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული და გლობალური მასშტაბით, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან და ემსახურება თითოეული მოქალაქის უკეთეს მომავალს. მთავრობა გამოხატავს სრულ მზაობას, ფართო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შექმნას საქართველოს ევროპული მომავალი", – ნათქვამია პროგრამაში.
სამთავრობო პროგრამა საქართველოს პარლამენტს "ქართულმა ოცნებამ" დღეს, 2 თებერვალს წარუდგინა. უკვე გაწერილია მთავრობის დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურებიც. ამ დროის მონაცემებით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.


