სამთავრობო პროგრამა: საქართველო ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი აქტორია, სტატუსის მინიჭებამ უფრო აქტუალური გახადა რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება
02/02/2024 18:19:52 პოლიტიკა
სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე არის საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ნატო-სთან აქტიურ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილებაში და რჩება ალიანსის სანდო პარტნიორად მის აღმოსავლეთ ფლანგზე.
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მთავარ ამოცანად რჩება, მათ შორის ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების კუთხით ქვეყნის როლის გაზრდა.
"საქართველო ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი აქტორია, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდამ კი, კიდევ უფრო აქტუალური გახადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება. აღნიშნულ კონტექსტში, მნიშვნელოვანია შესაბამის ქვეყნებთან სტრატეგიულ-პოლიტიკური კავშირების ისევე როგორც, სექტორული თანამშრომლობის, კიდევ უფრო გაღრმავება. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა სატრანსპორტო/ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთ–დასვლეთს შორის ტვირთებისა და ენერგომატარებლების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით. საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. [...] სატრანსპორტო დერეფნების მდგრადობისა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საქართველო აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობას ევროპასა და აზიას შორის სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტებში ჩართულობით. მათ შორის TRACECAს, შუა დერეფნის და შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფანში".
დოკუმენტის თანახმად, "ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის საბორნე და საკონტეინერო მიმოსვლის განვითარების მიზნით ჩატარდა, განხორციელდება შავ ზღვაზე ევროპის ქვეყნებთან საბორნე/ფიდერული მიმოსვლის ხელშეწყობისა და განვითარების ღონისძიებები":
"ზემოაღნიშნულის გარდა, მნიშვნელოვანია საქართველოს გავლით ენერგოდერეფნებისა და საკომუნიკაციო დერეფნების განვითარება, რაც ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას".
როგორც სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეფორმებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის აღნიშნული ეკონომიკური ფუნქციების განვითარებას.
"განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველომ გააძლიეროს მისი როლი, როგორც ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულმა და სატრანზიტო პარტნიორმა და მწვანე ენერგიის მიმწოდებელმა ქვეყანამ. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისათვის გაგრძელდება მუშაობა ციფრული კორიდორის (ჰაბი) განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს ერთის მხრივ, შავი ზღვის გავლით ოპტიკურბოჭკოვან კავშირს, ხოლო, მეორეს მხრივ, საქართველოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „დატა ცენტების“ ფორმირებას. [...] აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც 2024 წლის ივლისისათვის დასრულდება. პარალელურად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს პროექტისთვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე", – ნათქვამია დოკუმენტში.


