პაველ ჰერჩინსკი: პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს
05/02/2024 08:08:11 პოლიტიკა
პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 12 პრიორიტეტისა და 9 დათქმის შესრულებაში პარლამენტის როლი გადამწყვეტია.
"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ ამ რეფორმებს ძალიან სერიოზულად შეხედონ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ. არ დაუშვათ შეცდომები. ეს რეფორმები ტრანსფორმაციული უნდა იყოს. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ცხრა საფეხურზე მუშაობაზე მეტია საჭირო. ევროკავშირის ამ რეკომენდაციებზე საჭიროა ერთობლივი მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. რაც უფრო მალე დაიწყებთ, უფრო იოლი იქნება და როგორც კი წარმატებას მიაღწევთ და დაიწყებთ ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებას, შეძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კერძო სექტორიდან. ინვესტორები აფასებენ სტაბილურობას, რომელიც მოაქვს ევროკავშირის წესების გამოყენებას და ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას. [...] ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად და განახორციელონ ეს რეფორმები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს“, - აღნიშნა ელჩმა.


