Accentnews.ge
ჰერჩინსკი: ვინც რეფორმებს სერიოზულად უდგება, უფრო სწრაფად აღწევს წარმატებას, ვიდრე ის, ვინც კოსმეტიკურად ცვლის გარემოს

ჰერჩინსკი: ვინც რეფორმებს სერიოზულად უდგება, უფრო სწრაფად აღწევს წარმატებას, ვიდრე ის, ვინც კოსმეტიკურად ცვლის გარემოს

05/02/2024 09:49:05 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ევროკავშირის რეკომენდაციებისათვის „სერიოზულად შეხედვისკენ“ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს სერიოზულად უდგებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ“.

მისი თქმით, საქართველომ ბევრი რამ შეიძლება, ისწავლოს ბალკანეთის ქვეყნებისგან - კარგიც და ცუდიც.

ჰერჩინსკის თქმით, დასავლეთი ბალკანეთი ევროკავშირის გაფართოების პროცესშია ჩაბმული მას შემდეგ, რაც მონტენეგრომ 2008 წელს შეიტანა წევრობაზე განაცხადი. „კარგი ამბავი ისაა, რომ ახლა სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტია და ევროკავშირის კარი ასე ფართოდ გაღებული არასოდეს ყოფილა. ახლა თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას“, - თქვა მან.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს გარკვეული უპირატესობა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით:

"როდესაც საქართველომ განაცხადი შეიტანა, უკვე ჰქონდა დაწყებული საკანონმდებლო ბაზის დაახლოება ევროკავშირთან, გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან; საქართველოს ახასიათებს „ძლიერი საჯარო ადმინისტრირება, - რაზეც ჯერაც მუშაობენ ბალკანეთის ქვეყნები; საქართველოს უდიდესი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირთან გაერთიანებისკენ“.

საქართველოსთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „გასული წლის 12 პრიორიტეტისა და ამჟამინდელი 9 ნაბიჯის შესრულებაში პარლამენტის როლი გადამწყვეტია“; ამასთან, მისი თქმით, ნოემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში ადგენს მკაფიო ნაბიჯებს ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან (acquis) შესაბამისობაში მოსაყვანად.

„ევროკავშირის ამ რეკომენდაციებზე საჭიროა მუშაობა, - ხაზს გავუსვამ, ერთობლივი მუშაობა - პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. თუ საქართველოს უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს მომავალ თვეებსა და წლებში, პასუხების უმეტესობა ამ ანგარიშშია. ეს პროცესი დროსა და ხარჯებს მოითხოვს, ასე რომ, რაც უფრო მალე დაიწყებთ, უფრო იოლი იქნება. როდესაც წინ წაიწევთ და დაიწყებთ ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებას, შეძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კერძო სექტორიდან, რათა შეიქმნას სიმდიდრე და გაძლიერდეს სტანდარტები ქვეყანაში. ინვესტორები აფასებენ სტაბილურობას, რომელიც მოაქვს ევროკავშირის წესების გამოყენებას და ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად და განახორციელონ ეს რეფორმები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S