ირაკლი ჩიქოვანი: ათზე მეტი რეზოლუციაა, სადაც საქართველო მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინას
05/02/2024 11:23:01 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ათზე მეტი რეზოლუციაა, სადაც საქართველო მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინას. ასე უპასუხა მან ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის შეკითხვებს.
"ქალბატონი ხატია საუბრობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა. მგონია, რომ მან უნდა დაიწყოს, პირველ რიგში, საკუთარი თავით და არ უნდა გაავრცელოს დეზინფორმაცია, არ უნდა გაავრცელოს დეზინფორმაცია და თქვას, რომ საქართველო გვერდში არ უდგას უკრაინას და საქართველო მხარს არ უჭერს თუნდაც ევროპის საბჭოში, რომელშიც ის გახლდათ წევრი დელეგაციისა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. არის რამდენიმე დეტალი, რომელიც მას შეიძლება, არ ახსოვს, არ იცის, ან ყურადღება არ მიუქცევია. 10-ზე მეტი რეზოლუცია არსებობს, სადაც საქართველო მკაფიოდ უჭერს მხარს. იყო ერთი რეზოლუცია, რომელიც უკავშირდებოდა ბავშვების საკითხს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების საკითხს. ამ საკითხზე არ არის ქართული დელეგაციის ხმა, რადგან დელეგაცია არ იმყოფებოდა, თუმცა სულ რამდენიმე კვირის, თუ დღის წინ ჩვენი დელეგაცია, მათ შორის ქალბატონი ხატია იმყოფებოდა სტრასბურგში და ზუსტად ანალოგიური შინაარსის რეზოლუციას ჩვენმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა, მათ შორის უმრავლესობამ და სასიამოვნოა, რომ ოპოზიციამაც. ერთი თემაც კი არ არსებობს, რომელზეც არ იყო საქართველოს მხარდაჭერა. ყველა საკითხთან მიმართებით დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომელიც თავიდანვე გვქონდა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.


