სამთავრობო პროგრამას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა
05/02/2024 12:21:59 პოლიტიკა
სამთავრობო პროგრამას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო მეორე სხდომაც, სადაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების მონაწილეობით, რომელზეც დეპუტატები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
ამასთან, 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.
8 თებერვალს პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი კობახიძე წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.


