თეა წულუკიანი – გელათის რეაბილიტაციაზე: „იმაზე რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ"
05/02/2024 12:25:30 პოლიტიკა
„იმაზე რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გელათის რეაბილიტაციაზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, კულტურის სამინისტროს 2022 წლის 3 ოქტომბრიდან მითითება მიეცა, რომ გელათში სამუშაოები აღარ შესრულებულიყო და ამის გამო, ამ დღიდან მოყოლებული წულუკიანისთვის უცნობია „ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება”.
"აქ ბევრს საუბრობენ გელათზე, სამწუხაროდ, მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ, და ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან, ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში, ამიტომ 2022 წლის სამი ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, არა იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება, არ ვიცი, უბრალოდ უცნობია ჩვენთვის ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება. ჩვენ როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს ვიზიტს გელათში, პროაქტიულ ვიზიტს, რეაქტიულ ვიზიტს წელს და რა თქმა უნდა, მათი დასკვნის შედეგად გვეცოდინება ამჟამად იქ რა ვითარებაა. მე მაქვს, რა თქმა უნდა, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი იქ არის კარგად და იქნება საუკეთესოდ. რაზეც მე და ჩემი გუნდი სამინისტროში ვაგებთ პასუხს, ეს გახლავთ პერიოდი 2021 წლის მაისიდან 2022 წლის სამ ოქტომბრამდე, ეს გახლავთ ის დღე, როცა ჩვენ მივიღეთ ოფიციალურ წერილი და მითითება მესაკუთრისგან, რომ ყველა ტიპის სამუშაო იქ შეჩერებულიყო, ეს ნიშნავს, რომ 2022 წლის ზამთარი და 2023 წლის ზამთარი როგორ გაიარა ძეგლმა, ჩვენ არ ვიცით. არ ვიცით, ნიშნავს არ ვიცით, ეს არც კარგს ნიშნავს, არც ცუდს ნიშნავს, ეს ნიშნავს, უბრალოდ, რომ არ ვიცი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მისვამენ კითხვას, და როდესაც ვიცი, ვამბობ ვიცი და ვაგებ პასუხს, თავით, სისხლით, ხორცით, მაგრამ როდესაც არ ვიცი, არ ვიცი", – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან გაიხსენა ისიც, რომ გელათის პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს იყო პრობლემური და ხარვეზებით მიმდინარეობდა ისტორიული ეკლესიის რეაბილიტაცია წლების განამვლობაში.
"წყლის დენა ჩვენ შევაჩერეთ და შრობის პროცესიც იუნესკოს რჩევის შედეგად, გავაძლიერეთ. მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს: ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაშავებთ, ყველა ასეთი განცხადება დასრულდება სასამართლოში. ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ" - დასძინა წულუკიანმა.
ცნობისთვის: 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა. 2021 წლის ივნისში იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ქართველმა ექსპერტებმა ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს. თუმცა იმჟამად კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს და სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს. მალევე საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა. ცნობილია „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ. 2023 წლის თებერვალში გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა.


