გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ სკოლებში ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს
05/02/2024 19:08:46 პოლიტიკა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ამილახვრის განმარტებით, სამინისტროს პოზიციაა, რომ სკოლებში ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს.
„ჰაგიოგრაფიაზე არაერთი კითხვა იყო, ამას პირდაპირ გავცემ პასუხს - ეს არ არის სამინისტროს პოზიცია, ეს ერთი. მეორე, დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს. აქ მხოლოდ ლაპარაკი იყო ჰაგიოგრაფიის სწავლების მეთოდიკაზე და ერთგვარი ექსპერტული აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო იმ ინტერვიუში, რომლის ინტერპრეტირებაც შემდგომ, სამწუხაროდ, სწორად არ წავიდა. თუმცა, მაინც კარგია, რომ საზოგადოებაში დისკუსია იყო და კარგია, რომ საზოგადოების აზრიც გავიგეთ. პირადად გიდასტურებთ პოზიციას, რომ არა! ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რაიმე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან, თუმცა, მე არ ვარ ამ მიმართულების არც სპეციალისტი, არც მცოდნე. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ექსპერტებს, რომელშიც ჩართული არიან ყველა, თუ ვინმე საუკეთესოა ამ ქვეყანაში. აქ არის სწავლების მეთოდიკაზე საუბარი“, - განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის: „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, რომ სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად, თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს. ამასთან, მისი თქმით, განიხილება სკოლებში ბიბლიისა და მითოსის ნაწილობრივ სწავლებაც.


