მამუკა მდინარაძე: საერთო პატრონის ხელში რომ არა, არ შეიძლება, რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის და ე.წ. პრეზიდენტის რიტორიკა ასე ემთხვეოდეს ერთმანეთს
06/02/2024 12:14:22 პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფის" და პრეზიდენტს „საერთო პატრონი" ჰყავთ. მან სალომე ზურაბიშვილს ე.წ. პრეზიდენტი უწოდა.
„როდესაც სასამართლოზე ლაპარაკობდა [სალომე ზურაბიშვილი], პატრონებს იპოვიანო, ეს არის ყველაზე მძიმე, რამ რაც შეიძლება, მე ვთქვა, საერთო პატრონის ხელში რომ არა, არ შეიძლება, რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის და ე.წ. პრეზიდენტის რიტორიკა ასე დეტალებში და სიტყვა-სიტყვით ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს არის ძალიან სამწუხარო ვარაუდი, რომელსაც დიდი დასაბუთება აქვს", - განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, "პრეზიდენტი დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი":
"ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი იმისა, რომ ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება, როდესაც ამას ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები გეუბნებიან, აბსოლუტურად ყველა სფეროსთან მიმართებით. გახსოვთ, წინა დღეებში, კვირებში, თვეებში გამოქვეყნებული უამრავი კვლევა და ანგარიში ასეთი ორგანიზაციების. არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაუხმოვანებია [სალომე ზურაბიშვილს] არც ერთი მესიჯი - ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი“.
მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გაიღო პრეზიდენტად ზურაბიშვილის ასარჩევად, რომლის ამჟამინდელი რიტორიკა „რადიკალური ოპოზიციისგან" არ განსხვავდება:
„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ყველა რეგიონში დავდიოდი სხვა ადამიანებთან ერთად და პირდაპირ, ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვიხვეწებოდი საქართველოს პრეზიდენტად ემიგრაციის ამ სიმბოლოს წარმომადგენელი, პირველი ქალი პრეზიდენტი გვყოლოდა, რომ იმ გამოსვლას მოვისმენდი, რომელსაც ყველა ობიექტური დამკვირვებლის მიერ ერთი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა დაერქმეოდა. ადამიანი, რომელიც დღეს, ფორმალურად კვლავ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, მას შემდეგ იქნა არჩეული, რაც ძალიან გაგვიჭირდა, არცერთ არჩევნებზე რომ არ გაგვჭირვებია ისე, არავის ვაყვედრით არაფერს, მაგრამ ეს ფაქტია და უნდა მოვყვეთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ჩვენი პარტიული ლიდერების ბილბორდები არ გამოვკიდეთ, მანამდე ამ საქმეს არაფერი ეშველა. ამის შემდეგ ნელ-ნელა გაოპოზიციონერდა მისი მესიჯბოქსი, 26 მაისს, რუსულ მესიჯბოქსში ჩამჯდარი სიტყვაც ვიხილეთ და დღეს ვნახეთ გამოსვლა, რომელსაც ობიექტურობის ნიშან-წყალი რატომ არ ეტყობოდა, ერთ მთავარ არგუმენტს გეტყვით. არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში? ერთი სიტყვა ხომ შეიძლებოდა ქალბატონ სალომეს ეთქვა, აი, ეს ერთი კარგი ამბავი ხდებაო, როცა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ ეკონომიკის, სიღარიბის დაძლევის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით უდიდესი პროგრესი გვაქვს და წინ მივდივართ.
ქალბატონო სალომე, როცა თქვენ აჰყევით საუკუნის აფიორას - ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, თქვენ, თქვენს შვილებს, ჩვენს შვილებს, ჩემს შვილებს, რას ეუბნებით, რომ მისი მამა, მისი დედა ჩართული იყო რუსული საქმის კეთებაში და ატყუებთ, ეს საუკუნის აფიორაა. თქვენ გაქვთ მცდელობა, ქართველი ხალხის არჩევანს რუსული დაარქვათ, ეს არის ყველაზე ცუდი, ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება ადამიანმა და ადამიანთა ჯგუფმა იკადროს... თქვენი დღევანდელი გამოსვლა იცით რა იყო? 2 წლის განმავლობაში, რაც კი ტყუილი თქვა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა „კლასტერმა“, ერთად შეკრიბეთ და ყველაფერი მოკლედ ილაპარაკეთ დღეს, მეტი არაფერი იყო. ვინმემ, ამ დარბაზში მსხდომიდან, ერთი განსხვავება იპოვა ყველაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლასა და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას შორის, ვერ იპოვით. იცით რატომ? სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ დიდი ხანია, მათ რიგებში გადაინაცვლა".
ბოლოს, მდინარაძემ პრეზიდენტს ასე მიმართა:
"ქალბატონო სალომე, ბოდიშს გიხდით, პატივს ვცემ ასაკს, ქალს - ყველაფერს, ჩემი ასაკიდან და ბევრი რამიდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეიძლება მომისმინოთ - ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ახლა მაინც, დასკვნით სიტყვაში რომ გამოხვალთ, თქვათ, რაც არ გაგიკეთებიათ, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს და საქართველომ ეს სტატუსი მიიღო დამსახურებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგები ასე სტატუსს არ არიგებენ, ჩვენ მათი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებაც ვნახეთ, ვნახეთ დისკუსიაც, კამათიც და ჩვენ ჩვენი მყარი არგუმენტებით გავიმარჯვეთ და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ".
ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს და თქვა, რომ საქართველო იმსახურებდა და დაიმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
„იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას. ეს არის მის ერთადერთი მომავალი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


