მდინარაძე – ზურაბიშვილის ინიციატივაზე: გაქვთ მცდელობა, შალვას ფანჩატურს შესთავაზოთ ევრორემონტი, მაგ საქმიდან მეტი არაფერი გამოგივათ
06/02/2024 12:29:52 პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ჩამოყალიბების შესახებ.
"გაქვთ მცდელობა, შალვას ფანჩატურს შესთავაზოთ ევრორემონტი და დაარქვათ სალომეს ფანჩატური, მაგ საქმიდან მეტი არაფერი გამოგივათ, რადგან რადიკალური ოპოზიციის სათავეში ყოფნის მცდელობა მეტ შედეგს არ მოგიტანთ", – მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.
მანამდე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.


