Accentnews.ge
ვინ არის მზად ოპოზიციიდან, მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივაში „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

ვინ არის მზად ოპოზიციიდან, მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივაში „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

06/02/2024 13:54:07 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

როგორც მან აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.

პრეზიდენტის ინიციატივას ერთ-ერთი პირველი “ნაციონალური მოძრაობა” გამოეხმაურა.

"მინდა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება", - მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მზადაა პრეზიდენტის ინიციატივაში მონაწილეობა მიიღოს. ამავდროულად იგი მიიჩნევს, რომ "დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე".

“ჩვენი “გამარჯვების კოალიცია” - “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობა”, მზად ვართ ამ კონსულტაციებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვფიქრობთ, რომ ამოცანაა იმდენად დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ. უნდა წავიდეთ იმ გზით, რასაც საზოგადოება გვთავაზობს. აქამდეც, არცერთ თავდასხმას არ ვპასუხობთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან ახლა საზოგადოებას უნდა, ოპოზიციურ ფლანგზე იპოვოს ის გამაერთიანებელი შინაარსი, რომელიც სიღარიბეს დაამარცხებს, სამუშაო ადგილებს შექმნის და დაჩქარებული წესით შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. ამიტომ ამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ამასთან, დიდი ერთობისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ერთიანობის პირობებში პოლიტპატიმრები არ უნდა გვყავდეს ციხეში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„მოქალაქეების" ლოდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, პრეზიდენტის შეთავაზება პლატფორმასთან დაკავშირებით საინტერესო იყო და პარტია ამისთვის მზადაა.

„ქართული ოცნება“ კი არ არის ძლიერი, მე რასაც ვხედავ, პირველ რიგში, ჩვენ თავზე ვილაპარაკებ, ჩვენ ვართ ერთმანეთს დატაკებულები, ერთმანეთს ვჭამთ. ისტორიულად, ტრადიციულად ასე ვიყავით. მოიღერებდა ყელს ქსნის ერისთავი, შეუვარდებოდა არაგვის ერისთავს, მერე არაგვის ერისთავი წაართმევდა ცოლს და აჩუქებდა სპარსელ რომელიღაცა სარდალს და სულ ასე იყო. ახლა, ჩვენთან რომ გადმოვთარგმნოთ ოპოზიციაში, ასე ვართ. მე ერთი, თავგამოდებული მლანძღველი კაცი ვიყავი და თანდათან ვცდილობ, რომ მუშტებზე კი არ ვიყურო, არამედ არგუმენტები მოვიყვანო, როდესაც რაღაც პოზიციის დამტკიცებას ვცდილობ. არ მინდა ხოლმე, რომ სხვები ვლანძღო. ყველა გალანძღული მყავს, არ მეგულება ადამიანი გალანძღული რომ არ მყავდეს, მაგრამ არ არის ეს სწორი. აღარ ვარ პატარა ბიჭი და ამ სინანულს ვგრძნობ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს პარტია “ლელოშიც”.

„ლელო იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა. პარტია არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს მონაწილეობას ამაში, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. პრეზიდენტის შემოთავაზებას მივესალმებით”, – განაცხადა "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა.

სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია ამ საკითხზე ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S