რატომ არ ჩაერთვება პარტია "საქართველოსთვის" პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში
06/02/2024 15:36:19 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ პლატფორმაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
მიზეზად დეპუტატი ანა ბუჩუკური მასში იმ პარტიების პოლიტიკოსების ჩართულობას ასახელებს, რომლების მისი თქმით, საქართველოს "ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ". აღნიშნულს ის მიუღებელს უწოდებს.
იმავდროულად ბუჩუკური ამბობს, რომ გააგრძელებენ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერას და სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას.
"ქალბატონი პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით. ფაქტობრივად დაემთხვა ჩვენი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერას, ქალბატონ სალომესთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მით უფრო, თავიდანვე ვამბობდით, რომ პრეზიდენტის როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია. თუმცა, მის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლის. მე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - დიახ, მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანია. ასევე, ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში",– თქვა ბუჩუკურმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.


