უსუფაშვილი: რატომ ვაძლევთ მსოფლიოში "თავმოჭრილ" კომპანიებს უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს?
06/02/2024 15:47:39 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ლელოს“ წევრი, დეპუტატმა დავით უსუფაშვილი ინტერესდება, საქართველოში რატომ აძლევენ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს კომპანიებს, რომელთაც საერთაშორისო მასშტაბით აქვთ რეპუტაცია შელახული. შესაბამისი კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ქარსელაძეს მიმართა პარლამენტში.
მან ქარსელაძის კომპეტენციას ხაზი გაუსვა და ამგვარივე პასუხი მოითხოვა:
"სწორედ კომპეტენტური პასუხი გვინდა იმის თაობაზე, თუ რატომ გრძელდება მსოფლიო მასშტაბით თავმოჭრილი კომპანიებისთვის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მიცემა. ახლა მოგვიწია ერთ-ერთთან კავშირის გაწყვეტა, საარბიტრაჟო დავები. ასევე, არის დაგვიანებები და ა.შ. პასუხი, რომ კანონი ამას არ კრძალავს, პასუხი არ არის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


