დეკანოიძე საუბრობს თვისებაზე, რომელიც მას ზურაბიშვილში მოსწონს
06/02/2024 15:59:35 პოლიტიკა
დეპუტატი ხატია დეკანოიძე გეგმავს პრეზიდენტთან შეხვედრას და საუბარს მის მიერ დაანონსებულ პლატფორმაზე.
ამასთან, ის ხაზს უსვამს სალომე ზურაბიშვილის უნარს, დაელაპარაკოს, მათ შორის, მასთან მკვეთრად დაპირისპირებულ პირებს და ფიქრობს, რომ ინსტიტუტი ასეთი უნდა იყოს.
"ვაპირებ, დაველაპარაკო საქართველოს პრეზიდენტს. მე მომწონს მისი ეს თვისება (მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი იმ მხარეს, რომელიც ძალიან მკვეთრად უპირისპირდებოდა მას არჩევნებზე), რომ მოუსმინოს და დაელაპარაკოს ყველას. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ ის ადამიანები (თუნდაც "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც გამოაცხადა, რომ აუცილებლად შეხვდება პრეზიდენტს), რომლებიც მას ძალიან მკვეთრად უპირისპირდებოდნენ. ანუ მას ყველასთან საუბარი შეუძლია და ასეთი უნდა იყოს ინსტიტუტი",– თქვა დეკანოიძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.


