დავითაშვილი: რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია
06/02/2024 19:10:28 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით ის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია გეოგრაფიიდან გამომდინარე. ცნობილია, რომ საქართველო რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის, რასაც სპეციალისტები საგანგაშოდ აფასებენ უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის, რუსული ბაზრის პოლიტიკური ხასიათის გათვალისწინებით და ეს პოლიტიკური ხასიათი საქართველოს უკვე გამოცდილი აქვს.
დავითაშვილმაც გაიხსენა, რომ საქართველოს რუსეთის მხრიდან ემბარგო ჰქონდა დაწესებული:
„2013 წლამდე საქართველოდან რუსეთში საერთოდ არ ხორციელდებოდა ექსპორტი. საქართველო იყო დაკეტილი, ჰქონდა ემბარგო. შემდეგ ეტაპობრივად დავიწყეთ რუსეთის ბაზარზე წვდომა, მოხდა სხვადასხვა მიმართულებაზე პროდუქციის დაშვება. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შედეგი იყო. როდესაც საქართველო რუსეთში არ ყიდდა არაფერს, საქართველო რუსეთიდან ყიდულობდა ყველაფერს. საქართველოს ჰქონდა ცალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა. ჩვენ გვქონდა იმპორტი, რომელიც არაფრით არ ბალანსდებოდა. ეს არ იყო ჩვენთვის ხელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობა. 2013 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო ბაზრის გახსნა და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია რუსეთი. არა პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი, გამომდინარე გეოგრაფიიდან და იქიდან, რომ ბევრი პროდუქტისთვის ეს არის ტრადიციული ბაზარი“.
რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, მისი თქმით, "წლები დაგვჭირდება, რომ ჩვენი ექსპორტი ევროკავშირში იზრდებოდეს და მეტი პროდუქტი გავყიდოთ იმიტომ, რომ ეკონომიკა ახლა ყალიბდება, მათ შორის მრეწველობა. კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქტი მეტი რომ გვქონდეს, ამას მეტი ძალისხმევა სჭირდება".
ლევან დავითაშვილის მტკიცებით, ხელისუფლების სურვილია, რომ უფრო მეტი იყოს ევროკავშირში ექსპორტი, თუმცა დღევანდელ ვითარებას ბევრი ობიექტური საფუძველი და პირობა გააჩნია.
„2023 წელს 2014 წელთან შედარებით ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა და დაახლოებით 700 მილიონ დოლარს შეადგენს. მთლიანად ქვეყნის ექსპორტიც დინამიკურად იზრდება და აქაც მანიპულირებას აქვს ადგილი. მარტივი გასაგებია, რომ როდესაც ექსპორტი იზრდება, წილობრივი მაჩვენებელი შეიძლება, არ იყოს მაღალი. ბუნებრივია ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს, თუმცა ამას ბევრი ობიექტური საფუძველი გააჩნია და პირობა, რატომაც ჩვენ სრულად ვერ ვიყენებთ შესაძლებლობებს. ქვეყანაში შესაძლებლობების განვითარება უნდა მოხდეს, როგორც სამეწარმეო კუთხით, მეტი გაყიდვადი და ექსპორტირებადი პროდუქტი უნდა იწარმოებოდეს და ასევე ინფრასტრუქტურა საშუალებას უნდა გვაძლევდეს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გვქონდეს სრული წვდომა, მათ შორის ლაბორატორიული და სტანდარტების კუთხით“, - თქვა დავითაშვილმა.


