დარჩიაშვილი: წელს უდიდესი ძალისხმევა იქნება მიმართული ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე ასაყვანად
07/02/2024 07:39:43 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ რთულ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსათვის მთავარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება უაღრესად მნიშვნელოვანია.
მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში ისაუბრა აშშ-სთან, ევროპის და აზიის ქვეყნებთან მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და სხვადასხვა დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
მან თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება გაგრძელდება, ასევე, წელს საქართველოს მთავრობის მხრიდან უდიდესი ძალისხმევა იქნება მიმართული ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე ასაყვანად, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან სტრატეგიული ხასიათის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე საქართველოს გეოპოლიტიკური და რეგიონალური ფუნქციის გათვალისწინებით. როგორც დარჩიაშვილმა თქვა, განსაკუთრებული აქცენტი მიმართულია ჩინეთთან თანამშრომლობაზე საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერების თვალსაზრისით, ისევე როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთაშორისი, კულტურის და სხვა დარგობრივი მიმართულებით კავშირების გაძლიერებაზე.


