სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს
07/02/2024 07:59:26 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
როგორც მან აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.
ვინ აპირებს პრეზიდენტის ინიციატივაში მონაწილეობას
პრეზიდენტის ინიციატივას ერთ-ერთი პირველი “ნაციონალური მოძრაობა” გამოეხმაურა.
"მინდა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება", - მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტს.
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მზადაა პრეზიდენტის ინიციატივაში მონაწილეობა მიიღოს. ამავდროულად იგი მიიჩნევს, რომ "დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე".
“ჩვენი “გამარჯვების კოალიცია” - “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობა”, მზად ვართ ამ კონსულტაციებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვფიქრობთ, რომ ამოცანაა იმდენად დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ. უნდა წავიდეთ იმ გზით, რასაც საზოგადოება გვთავაზობს. აქამდეც, არცერთ თავდასხმას არ ვპასუხობთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან ახლა საზოგადოებას უნდა, ოპოზიციურ ფლანგზე იპოვოს ის გამაერთიანებელი შინაარსი, რომელიც სიღარიბეს დაამარცხებს, სამუშაო ადგილებს შექმნის და დაჩქარებული წესით შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. ამიტომ ამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ამასთან, დიდი ერთობისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ერთიანობის პირობებში პოლიტპატიმრები არ უნდა გვყავდეს ციხეში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„მოქალაქეების" ლოდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, პრეზიდენტის შეთავაზება პლატფორმასთან დაკავშირებით საინტერესო იყო და პარტია ამისთვის მზადაა.
„ქართული ოცნება“ კი არ არის ძლიერი, მე რასაც ვხედავ, პირველ რიგში, ჩვენ თავზე ვილაპარაკებ, ჩვენ ვართ ერთმანეთს დატაკებულები, ერთმანეთს ვჭამთ. ისტორიულად, ტრადიციულად ასე ვიყავით. მოიღერებდა ყელს ქსნის ერისთავი, შეუვარდებოდა არაგვის ერისთავს, მერე არაგვის ერისთავი წაართმევდა ცოლს და აჩუქებდა სპარსელ რომელიღაცა სარდალს და სულ ასე იყო. ახლა, ჩვენთან რომ გადმოვთარგმნოთ ოპოზიციაში, ასე ვართ. მე ერთი, თავგამოდებული მლანძღველი კაცი ვიყავი და თანდათან ვცდილობ, რომ მუშტებზე კი არ ვიყურო, არამედ არგუმენტები მოვიყვანო, როდესაც რაღაც პოზიციის დამტკიცებას ვცდილობ. არ მინდა ხოლმე, რომ სხვები ვლანძღო. ყველა გალანძღული მყავს, არ მეგულება ადამიანი გალანძღული რომ არ მყავდეს, მაგრამ არ არის ეს სწორი. აღარ ვარ პატარა ბიჭი და ამ სინანულს ვგრძნობ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს პარტია “ლელოშიც”.
„ლელო იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა. პარტია არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს მონაწილეობას ამაში, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. პრეზიდენტის შემოთავაზებას მივესალმებით”, – განაცხადა "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მზადაა, შეხვდეს პრეზიდენტს და გაერკვეს, რა იდეის მატარებელია მისი ინიციატივა:
"თუ სურვილი ექნება, მე შევხვდები, გავარკვევ, ეს ინიციატივა რა შინაარსის მატარებელია და ამ პროცესის მსვლელობა თვითონ როგორ წარმოუდგენია",– თქვა პოლიტიკოსმა.
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიიდან პრეზიდენტთან კონსულტაციებზე ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება.
“მე იმდენად კრიტიკული ვარ და იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა, შეიძლება, უხერხული იყოს. მაგრამ ჩვენგან სანდრო რაქვიაშვილი იქნება, თუ დაგვპატიჟეს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ვინ არ აპირებს პრეზიდენტის ინიციატივაში მონაწილეობას
ოპოზიციურ პარტიაში "საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ პლატფორმაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
მიზეზად დეპუტატი პარტიის წევრი ანა ბუჩუკური მასში იმ პარტიების პოლიტიკოსების ჩართულობას ასახელებს, რომლების მისი თქმით, საქართველოს "ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ". აღნიშნულს იგი მიუღებელს უწოდებს.
იმავდროულად ბუჩუკური ამბობს, რომ გააგრძელებენ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერას და სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას.
"ქალბატონი პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით. ფაქტობრივად დაემთხვა ჩვენი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერას, ქალბატონ სალომესთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მით უფრო, თავიდანვე ვამბობდით, რომ პრეზიდენტის როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია. თუმცა, მის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლის. მე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - დიახ, მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანია. ასევე, ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში",– თქვა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მმართველ პარტიაში უარყოფითად შეაფასეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ჩამოყალიბების შესახებ.
"გაქვთ მცდელობა, შალვას ფანჩატურს შესთავაზოთ ევრორემონტი და დაარქვათ სალომეს ფანჩატური, მაგ საქმიდან მეტი არაფერი გამოგივათ, რადგან რადიკალური ოპოზიციის სათავეში ყოფნის მცდელობა მეტ შედეგს არ მოგიტანთ", – მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს.


